1775651796
მიხეილ სააკაშვილი: ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად, გოგა ცხაკაია დაინიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად, მოკლედ, მარტო მე ვრჩები რუსულ ტყვეობაში
ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად, ჩემი თანამებრძოლი გოგა ცხაკაია დაინიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად, მოკლედ, მარტო მე ვრჩები რუსულ ტყვეობაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ზურაბ ადეიშვილი ახალ თანამდებობაზე უკრაინაში დანაშაულის ჩამდენ პირთა დაკავებისა და უცხოეთიდან ექსტრადირების მიმართულებით იმუშავებს.
„ზურაბ ადეიშვილი გენპროკურატურის იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც აგროვებდა და ადოკუმენტირებდა ფაქტებს რუსების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებზე. ახალ თანამდებობაზე ზურაბი დაკავდება უკრაინაში დანაშაულების ჩამდენთა დაკავებაზე და უცხოეთიდან ექსტრადირებაზე, ასევე – უცხოეთში დანაშაულის ჩამდენთა უკრაინის ტერიტორიაზე ძებნაზე.
ამის გარდა, ჩემი მრავალწლიანი თანამებრძოლი და უმაგრესი ადამიანი, გოგა ცხაკაია დაინიშნა ჩემი მეგობრის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მრჩევლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა უკრაინას აქვს წარმატებები ფრონტზე.
წარმატებულად აგრძელებს მუშაობას უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი სემენ კრივონოსი, რომელიც ხუთი წელი იყო ჩემი გუნდის წევრი კიევში და ოდესაში“, – წერს სააკაშვილი.










