მელია და სააკაშვილი არის ერთი ჯოხის ორი ბოლო - სააკაშვილი ლიდერობას არ დათმობს და ისინი ვერასდროს ვერ დალაგდებიან პოლიტიკურად - ირაკლი ჭეიშვილი

თორნიკე ჭეიშვილი

მელია და სააკაშვილი ჩვენთვის არის ერთი ჯოხის ორი ბოლო, - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი ნიკა მელიას განცხადებას სააკაშვილთან დაკავშირებით.

როგორც ჭეიშვილი აღნიშნავს, სააკაშვილი ოპოზიციაში ლიდერობას არასდროს დათმობს.

"მელია და სააკაშვილი ჩვენთვის არის ერთი ჯოხის ორი ბოლო, როდესაც თანაპარტიელები იყვნენ, მაშინ იყო სააკაშვილი მათთვის მისაღები, ქვეყნის ლიდერი, დავით აღმაშენებელი და ა.შ. გაყოფის მერეც, როგორი ეპითეტებით შეამკეს, ესეც გვახსოვს და ახლაც გრძელდება, რადგან აქ არის, ვინ იქნება ფლაგმანი და ლიდერი ამ გაერთიანების. სააკაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციაში არ დათმობს ლიდერობას, ეს არის ცალსახა.

ისინი ვერასდროს ვერ დალაგდებიან პოლიტიკურად და საერთო ენას ვერ ნახავენ ვერცერთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს წისქვილზე ასხმას წყალს,"- აცხადებს ჭეიშვილი.

ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირების მორიგი ეტაპი დაიწყო. "თავის ეგოზე ზრუნვით ორსული", - ასე აღწერს ექსპრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე და 9-იანის მოქმედი ლიდერი. "სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია", - წერს ნიკა მელია და ყოფილ თანაპარტიელს მასზე ეჭვიანობაში ადანაშაულებს.