მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტის ფოიე

მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება. სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი რიგგარეშე სხდომაზე დღეს 81 ხმით პირველი მოსმენით დაამტკიცეს.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები არჩილ გორდულაძემ წარადგინა და განაცხადა, რომ ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა ხდება.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წლების განმავლობაში იქნა მიღებული იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებმაც, ლიბერალური პოლიტიკიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებას და გავრცელებას შეუწყო ხელი. ხორციელდებოდა არაერთი კამპანიური ხასიათის ღონისძიება, თითქოს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა არის მსუბუქი საშუალება. ზუსტად ასევე იყო კამპანია წარმოებული ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებთან დაკავშირებითაც, რამაც გამოიწვია ამ საშუალების მოხმარების ზრდა. ეს აწუხებს საზოგადოებას, გვაწუხებს ჩვენც და, რაც მთავარია, წარმოადგენს პრობლემას ჩვენი მომავლისთვის.

ხდება გადახედვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, მათ შორის იმიტომაც, რომ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა გაცილებით უფრო ზიანის მომტანია, იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს, ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ აშლილობებს. დონე აბსოლუტურად გაზრდილია, შესაბამისად, უფრო მავნებელია ადამიანისთვის. ამიტომ მიზანშეწონილია, საკონსტიტუციო სასამართლოს რიგი გადაწყვეტილებების გადასინჯვა მოხდეს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

მისივე განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები არ ეხება მარიხუანის მოხმარებას, მაგრამ ვრცელდება ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვასა და კულტივაციასთან დაკავშირებით.

„სისხლის სამართლის კოდექსიდან ხდება 273-ე პრიმა მუხლის ამოღება. ამ რეგულაციას არ აქვს პრევენციული მექანიზმი და ეფექტური ხასიათი. ამიტომ მიზანშეწონილია, ამ რაოდენობასთან დაკავშირებით, ანუ, წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი წესით მოხდეს პასუხისგება. სანქციად დაწესდება ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან/და თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, ისევე როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში გვაქვს. ამავდროულად, მცენარე კანაფთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ოდენობები იწყება ათი გრამიდან. საწყისი ოდენობა არის 10-დან 155 გრამამდე, ხოლო გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში, ეს არის 5-დან 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანას შემთხვევაში, 10-დან 140 გრამამდე. ამ ოდენობის მცენარე კანაფის ან მარიხუანას შეძენა-შენახვა გამოიწვევს 260-ე მუხლით პასუხისმგებლობას. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე, ნაცვლად დღეს მოქმედი რეგულაციისა, სადაც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადობა, თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად არის ცნობილი. დიდი ოდენობის შემთხვევაში, როგორც სხვა ნარკოტიკების, ასევე მცენარე კანაფის და მარიხუანის შემთხვევაშიც პასუხისმგებლობა ანალოგიურად დადგება. იგივე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობის შეძენა-შენახვას. ასევე, გადაისინჯება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მცენარე კანაფის მოყვანასა და კულტივაციასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 151 გრამამდე მცენარე კანაფის მოყვანისთვის დაუშვებელია პატიმრობის გამოყენება.

კულტივაციასთან დაკავშირებული საკითხებიც მკაცრდება. კერძოდ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით მოყვანა-კულტივაციისთვის პასუხისმგებლობის სახით გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა ექვს წლამდე. ასევე, დაემატება ალტერნატიული სანქციები, როგორიც არის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან/და შინაპატიმრობა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა-კულტივაციისთვის არსებული სანქციები უცვლელი დარჩება“, – განაცხადა გორდულაძემ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლიც, რაც რეალიზაციისთვის ხელშეწყობას გულისხმობს და ითვალისწინებს იმავე სასჯელს, რასაც რეალიზაცია.

„გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის შემოღება, ეს არის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული საშუალების ან მცენარე მარიხუანის რეალიზაციის ხელშეწყობა. მოგეხსენებათ, რომ დღესაც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება არის აღნიშნული საშუალებების უკანონო რეალიზაცია და, შესაბამისად, ამ დანაშაულის მომზადებაც, მცდელობაც, ამ დანაშაულში თანამონაწილეობაც სისხლის სამართლის წესით ისჯება, მაგრამ შემოთავაზებული ცვლილების შემდეგ, მცდელობისა და თანამონაწილეობის ელემენტი ცალკე დასრულებული დანაშაულის სახით იქნება გამოყოფილი, რაც გულისხმობს, რომ ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციაში ხელშეწყობა ზუსტად იმავე წესით დაისჯება, როგორც რეალიზაცია. ეს ცვლილება გავრცელდება ძირითადად იმ პირებზე, რომლებიც სხვადასხვა საჯარო სივრცეში დებენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ანუ ახდენენ რეალიზაციას. დადების მომენტიდანვე ჩაითვლება დანაშაულად. რეალიზაციისთვის მოხდება ამ პირების პასუხისგება და კანონითვე პირდაპირ განესაზღვრება, ხელშეწყობაში რა ითვლება. ითვლება ასეთი ნარკოტიკული საშუალებების განთავსება ღიად ან ფარულად ხელმისაწვდომ ადგილას, ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მათი შეძენის ხერხებისა და მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, დაფასოება და ა.შ. რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს „სიკვდილით“ მოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლას“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ამასთან, გორდულაძემ განმარტა, რა იგულისხმება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვაში. არჩილ გორდულაძის განცხადებით, კანონის ახალი ნორმების შემოღებით, პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაძლევა შეუძლია.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაძლევა საქართველოს პარლამენტს შეუძლია ახალი ნორმის მიღებით და შესაბამისად, ახალი ნორმები არის შემოთავაზებული. არის მუხლების ახალი რედაქციები და შესაბამისად, ახალი რედაქციები იქნება ძალაში, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოში ვინმე არ გაასაჩივრებს ამ ახალ ნორმებსაც. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტი დაიცავს საქართველოს პარლამენტის პოზიციას, რომ ცვლილებები, რომლებიც ახლა არის წარმოდგენილი ჩვენი გუნდის მიერ, სრულად შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან“, – განმარტა არჩილ გორდულაძემ.