ვოლოდიმირ ზელენსკისა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ზელენსკი და ალიევი

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა აზერბაიჯანელ კოლეგას რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელებზე თავდასხმების შედეგად ორი ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის მხარდაჭერისთვის ირანიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის საკითხში.

სატელეფონო საუბრის დროს, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებთან დაკავშირებით მოსაზრებების გაცვლა მოხდა და შეთანხმება იქნა მიღწეული სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის ბაქოში რაც შეიძლება მალე ჩატარების შესახებ.

კიდევ ერთხელ გამოითქვა ორმხრივი მხარდაჭერა აზერბაიჯანისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის მიერ მისი ქვეყნისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.