მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყოს სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა, რაც ახალ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას

მარიამ ქვრივიშვილი

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობარი სახელმწიფოები არიან. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარების ტემპის გაზრდას, მათ შორის, ტრანსპორტის სფეროში, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შავი და კასპიის ზღვებს შორის სტრატეგიული მდებარეობა ჩვენ ქვეყნებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნების მიმდინარე განვითარებაში მნიშვნელოვან მოთამაშეებად აქცევს, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრთან, რაშად ნაბიევთან გამართულ შეხვედრაზე.

ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყოს სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა, რაც, მინისტრის შეფასებით, ახალ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, ტურიზმის სფეროში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნებს შორის მზარდია როგორც საავტომობილო, ისე რკინიგზის გამოყენებით ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებლები. მინისტრებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე, მის მზარდ როლსა და განვითარებაზე, რაშიც აქტიურად არის ჩართული ორივე ქვეყანა. საუბარი შეეხო ასევე TRACECA-ს, შავი ზღვა-კასპიის ზღვის მარშრუტსა და სხვა რეგიონულ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ დაკავშირებადობის, სავაჭრო ურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას მთელ რეგიონში.

„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით, ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობით, საქართველო წარმატებით მიისწრაფვის საერთაშორისო სატრანსპორტო ბაზრებსა და გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში ინტეგრაციისკენ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის როლს ტრანზიტისა და ლოგისტიკის გლობალურ ქსელში“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ხორციელდება რეგიონული მნიშვნელობის რამდენიმე პროექტი, მათ შორის, ხაზგასასმელია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც, ერთობლივი ძალისხმევით ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება და დასკვნით ეტაპზეა, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება დაგეგმილია 2028-29 წლებში და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ტრანზიტულ-ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მიმდინარე პროექტს, რაც საქართველოს შესძენს რეგიონული მიზიდულობის ცენტრის ფუნქციას ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით.

ეკონომიკის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ასევე ისაუბრა თანამშრომლობის გაძლიერებაზე კომუნიკაციების, ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. მინისტრებმა იმსჯელეს ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც გულისხმობს ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას და რეგიონის ინოვაციური ეკოსისტემის წარმოჩენას გლობალურ ასპარეზზე.

ბაქოში რაშად ნაბიევთან გამართულ შეხვედრაში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები: გურამ გურამიშვილი და გენადი არველაძე. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.