მარგუს ცაჰკნა უკრაინასა და უნგრეთს დიალოგის გზით გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდებს

 მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა უკრაინასა და უნგრეთს დიალოგის გზით გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ესტონეთი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გამწვავებას შეშფოთებით აკვირდება.

„უკრაინასა და უნგრეთს შორის მზარდ დაძაბულობას შეშფოთებით ვაკვირდებით. ვიმედოვნებთ, ფაქტები გაირკვევა და სიტუაცია დიალოგის გზით მოგვარდება“, – წერს მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ X-ზე.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა. უნგრული მედიის ცნობით კი, უნგრეთის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ნაღდი ფულის გადამტანი მანქანები შეამოწმა, შავებში ჩაცმული ადამიანები მანქანებიდან გადმოიყვანეს და მიწაზე დააწვინეს. ამის შემდეგ უნგრეთის კონტრტერორისტული ცენტრის კოლონა ბუდაპეშტისკენ გაემართა.