VIDEO: „ნუ გეშინია, ბიჭო“ - სუსი ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რის შედეგად დაკავებულია 21 ადამიანი
1769683186
რთულ და მუდმივად ცვალებად გლობალურ გარემოში, საქართველო ინარჩუნებს კონსტრუქციული და საიმედო პარტნიორის სტატუსს და გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვების ფორმირებაში, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა BSEC-ის გენერალურ მდივანთან, ლაზარ კომანესკუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის უალტერნატივო კვანძად აქცევს.
„შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარება ევროპის კეთილდღეობის საფუძველია. დღეს შავი ზღვის რეგიონი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით უსაფრთხოების კუთხით, რაც ერთგვარად გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრში აქცევს ჩვენს რეგიონს. გამოწვევებთან გამკლავების გზების ძიებასთან ერთად, უნდა შევძლოთ იმ შესაძლებლობებზე მუშაობა, რაც არსებობს შავი ზღვის რეგიონში.
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის უალტერნატივო კვანძად აქცევს. რთულ და მუდმივად ცვალებად გლობალურ გარემოში, საქართველო ინარჩუნებს კონსტრუქციული და საიმედო პარტნიორის სტატუსს და გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვების ფორმირებაში, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში.
ჩვენი ხედვა ეფუძნება დაკავშირებადობის გაძლიერებას, სადაც „შუა დერეფანი“ არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი, არამედ უსაფრთხო, სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ხიდია.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული ინიციატივები, მათ შორის: ნავთობსადენი, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, შავი ზღვის თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება, რკინიგზის სისტემის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტები – მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის საერთო კეთილდღეობას.
მსურს, ვისარგებლო შესაძლებლობით და ხაზი გავუსვა საქართველოსა და BSEC-ს შორის არსებულ თანამშრომლობას. საქართველო, როგორც BSEC-ის დამფუძნებელი წევრი, დაარსების დღიდან აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ დიალოგსა და ეკონომიკურ მდგრადობას. არსებული უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება ორგანიზაციის პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზებისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ, შავი ზღვა გახდეს დამაკავშირებელი და არა გამყოფი ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.