მაკა ბოჭორიშვილი: რეგიონში სამივე ქვეყანამ კარგად ვიცით ჩვენი როლი და ფასი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, თუ ვინმეს აზრად აქვს, რომ არასაჭირო კონკურენცია გააღვივოს

მაკა ბოჭორიშვილი

რეგიონში სამივე ქვეყანამ კარგად ვიცით ჩვენი როლი, ფასი. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, თუ ვინმეს აზრად აქვს, რომ გააღვივოს არასაჭირო კონკურენცია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროკავშირის ბიუროკრატიიდან, მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტში ვიყავი, ჩემთან საუბარში ახსენა ასეთი რამ: ახლა თქვენ ჩაგანაცვლებთ სომხეთით და ნახავთ მერე, როგორ იქნება ამბავიო. მაშინ კი ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა, ჩაენაცვლებინა ბიუროკრატიას საქართველო სომხეთით, რა ლოგიკით და სად ხდებოდა საქართველოს ჩანაცვლება. შემდგომ ყველაფერი გახდა ცხადი და ნათელი, რა გეგმით მოძრაობდნენ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები ბრიუსელის ბიუროკრატიაში. ეს სასაცილოა, ამას სერიოზულად უბრალოდ ვერ აღვიქვამთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, არასერიოზულია საუბარი, თითქოს საქართველო სატრანზიტო ფუნქციას კარგავს.

„ჩვენ არც საეჭვიანო გვაქვს რამე და არც სანერვიულო. არსებობს მოქმედი მარშრუტები, ათწლეულების განმავლობაში ნაშენები გზები, რომელსაც ევროპაში მიაქვს ენერგორესურსები, ის, რომ ამან დაკარგოს მნიშვნელობა, ამაზე ლაპარაკიც კი არასერიოზულია. თუმცა მცდელობებია, არა მხოლოდ გზებისა და მარშრუტების, ხედავთ ევროინტეგრაციის პროცესშიც კი ცდილობენ გარკვეული კონკურენციის გაჩენას რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც ასევე ღიმილის მომგვრელია.

ამ რეგიონში სამივე ქვეყანამ კარგად ვიცით ჩვენი როლი, ჩვენი ფასი, შესაბამისად, თუ ვინმეს აზრად აქვს, რომ გააღვივოს არასაჭირო კონკურენცია, ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და მოკლებულია რეალურ შესაძლებლობებს, ვინმემ ამ მხრივ წარმატებას მიაღწიოს“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.