მაკა ბოჭორიშვილი: გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გამოავლინა დიდი სიმტკიცე, გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური დისციპლინის წყალობით, ჩვენ შევინარჩუნეთ ეკონომიკის სტაბილურობა

მაკა ბოჭორიშვილი

უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გამოავლინა დიდი სიმტკიცე. გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური დისციპლინის წყალობით, ჩვენ შევინარჩუნეთ ეკონომიკის სტაბილურობა და სიჯანსაღე. აღნიშნულის შედეგად, შესაძლებელი გახდა გარე შოკების დაძლევა და შთამბეჭდავი პროგრესის მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, 2021 წელს საქართველოში დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ხოლო გასული ოთხი წლის განმავლობაში, საშუალოდ 9.7%-იანი ზრდა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო გამოირჩევა მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რასაც მისი სტაბილური სამართლებრივი სისტემა და ბიზნესგარემო განაპირობებს.

„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივნო, თქვენო აღმატებულებანო, ქალბატონებო და ბატონებო, პირველ რიგში, მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ესპანეთის სამეფოს მთავრობას ულამაზეს ქალაქ სევილიაში ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის. უდიდესი პატივია, საქართველოს სახელით, ამ უმნიშვნელოვანეს კონფერენციაში მონაწილეობა, განსაკუთრებით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ასეთ გარდამტეხ ეტაპზე.

დღესდღეობით, მსოფლიო ფინანსური არქიტექტურა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. პანდემიის გახანგრძლივებული გავლენა, მიმდინარე კონფლიქტები, მზარდი უთანასწორობა, ჰუმანიტარული კრიზისები, სასურსათო უსაფრთხოების არარსებობა და კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვნად აფერხებს 2030 წლის დღის წესრიგის შესრულებას. ეს კონფერენცია კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, წარმოვაჩინოთ მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა, დამატებითი მუხტი შევძინოთ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისკენ მიმართულ ჩვენს ერთიან ძალისხმევას, და უზრუნველვყოთ, რომ არავინ დარჩეს პროცესს მიღმა.

ძვირფასო კოლეგებო, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გამოავლინა დიდი სიმტკიცე. გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური დისციპლინის წყალობით, ჩვენ შევინარჩუნეთ ეკონომიკის სტაბილურობა და სიჯანსაღე. აღნიშნულის შედეგად, შესაძლებელი გახდა გარე შოკების დაძლევა და შთამბეჭდავი პროგრესის მიღწევა – 2021 წელს დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ხოლო გასული ოთხი წლის განმავლობაში – საშუალოდ 9.7%-იანი ზრდა.

ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ფართომასშტაბიან ხასიათს ატარებს და მიღწეული შედეგები განპირობებულია ვაჭრობის, მშენებლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და მომსახურების სფეროებში მიღწეული თვალსაჩინო შედეგებით. სწრაფი აღდგენის ტენდენციები ფიქსირდება ტურიზმის სექტორშიც – 2024 წელს მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს 35%-ით გადააჭარბა და ზრდა 2025 წელსაც გრძელდება. მდგრადი განვითარების ხანგრძლივი პერსპექტივის უზრუნველსაყოფად, ჩვენი პრიორიტეტია საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტირება და განახლებად ენერგიაზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და დაკავშირებადობაზე ყურადღების კონცენტრირება.

საქართველო გამოირჩევა მნიშვნელოვანი პროგრესით და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რასაც მისი სტაბილური სამართლებრივი სისტემა და ბიზნესგარემო განაპირობებს. სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ მიერ ჩატარებული „ღია ბიუჯეტის 2023 წლის კვლევის“ თანახმად. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზეა და წინ უსწრებს ევროკავშირის 7 წევრ სახელმწიფოს „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მონაცემების შესაბამისად. მსოფლიო ბანკის 2024 წლის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“ – საქართველო 50 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამავდროულად, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას.

„საქართველომ ეს წინსვლა შეძლო, მიუხედავად უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას. ჩვენ კვლავაც მოწოდებული ვართ, განვაგრძოთ სტრუქტურული რეფორმები, მათ შორის სავაჭრო ბაზრების დივერსიფიკაციის, რეგიონული სავაჭრო დაკავშირებადობის გაუმჯობესების, კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერისა და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. ბოლო წლებში ჩვენ აქტიურად ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს – განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის, საგადასახადო და საბაჟო სისტემების გაუმჯობესების სფეროებში. საქართველო მომავლშიც მზად არის, მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ ეფექტიანი და ინკლუზიური გლობალური ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას. დასასრულს, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განვითარების დაფინანსების მეოთხე კონფერენცია (FfD) მხოლოდ პროგრესის შემაჯამებელ პლატფორმად არ უნდა დარჩეს. მან მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა მისცეს შემდგომ ქმედებებს. საქართველო მზად არის, შეასრულოს თავისი როლი და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ფინანსურმა სისტემებმა უზრუნველყონ არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ინკლუზიური და მდგრადი განვითარება ყველასთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.