მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება პროცესი, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოზე, ეს ორმხრივი პროცესია და ჩვენი ვალდებულებაა, საქართველო მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობისთვის

მაკა ბოჭორიშვილი

ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება პროცესი, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოზე, ეს ორმხრივი პროცესია და ჩვენი ვალდებულებაა, საქართველო მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობისთვის, იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც თავსებადი იქნება იმ სივრცისთვის და გაუძლებს იმ კონკურენციას, რომელიც ევროკავშირშია", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "პირველი არხის" ეთერში.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად წინ წაწიოს.

“ერთი მხრივ, ჩვენი ვალდებულებაა საქართველო მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობისთვის, საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც თავსებადი იქნება იმ სივრცისთვის. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს შესაბამისი რეფორმების გატარებასაც, შესაბამისი სტანდარტების დანერგვასაც და ჩვენი ქვეყნის ისეთ ქვეყნად ქცევას, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი იქნება და გაუძლებს იმ კონკურენციას, რომელიც ევროკავშირში არსებობს. ამას პირველ რიგში სჭირდება ქვეყნის ეკონომიკურად მომზადება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკის გაზრდა და სწორედ ამას აკეთებს დღეს საქართველო. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველანაირი სტანდარტი წინ წაწიოს. ევროკავშირი არის იმ ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც დღეს მსოფლიოში მოწინავე ქვეყნები არიან, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, სოციალურ პირობებზე, ადამიანის ცხოვრების შესაძლებლობებზე და იმ გარემოზე, რა გარემოშიც ცხოვრობენ ადამიანები. იმიტომ არის ევროკავშირი მიმზიდველი ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ თანამედროვე მსოფლიოში საუკეთესოდ მოწყობილი ადგილია ადამიანებისთვის საცხოვრებლად, სამუშაოდ, გასავითარებლად. ასეთი გვინდა, რომ იყოს და ამისთვის გჭირდება ეკონომიკური განვითარება, ამისთვის გვჭირდება უკეთესი სოციალური პირობების შექმნა და ამ ყველაფრით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიხვალ სტაბილურობამდე”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.