მაკა ბოჭორიშვილი: ევროინტეგრაციის მიმართულება პრიორიტეტია და ამ პროცესში არსებითია ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გაძლიერება, რომელიც სრულად მოიცავს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და თავად ევროკავშირთან

მაკა ბოჭორიშვილი

 ეს არის ჩვენი შიდა პროცესი. სამინისტროში ხორციელდება რეფორმა - რეორგანიზაცია, რომელიც ვფიქრობ და ალბათ, ბევრი დამეთანხმება, არის ძალიან საჭირო, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, ის ცვლილებები, რაც ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროში, ემსახურება ერთადერთ მიზანს - ვიყოთ უფრო ეფექტიანები საგარეო ასპარეზზე და უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ ის მცირე რესურსი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. მისივე თქმით, საგარეო უწყებაში დაწყებული რეორგანიზაციის მიზანი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვაა და ამ პროცესს არავითარი კავშირი არ აქვს ქვეყნის საგარეო კურსთან, ევროკავშირთან, ნატოსთან ან ზოგადად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან.

„ბევრი წელია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მსგავსი რამ არ განხორციელებულა, კომპლექსურად არ შეგვიხედავს იმ პრობლემებისა და გამოწვევებისთვის, რაც გვაქვს, როგორი ტიპის საგარეო უწყება სჭირდება საქართველოს დღეს. ამაზე რამდენიმე თვე ვიმუშავეთ ძალიან ბევრი.

ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი საგარეო უწყება, ასევე ეფექტიანი, კარგი წარმომადგენლობები საზღვარგარეთ, რასაც თავისი რესურსი სჭირდება, მათ შორის ადამიანური რესურსი, ასევე ძლიერი ცენტრალური აპარატი, რომელიც იქნება მიმართული იმისკენ, რომ საგარეო პოლიტიკური მიზნები უფრო ეფექტიანად განახორციელოს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისი განცხადებით, ევროინტეგრაციის მიმართულება ქვეყნისათვის პრიორიტეტია და ამ პროცესში არსებითია ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გაძლიერება, რომელიც სრულად მოიცავს როგორც ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ისე ურთიერთობას თავად ევროკავშირთან.

„არსად დაკარგულა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქცია, როგორც ამას სპეკულირებენ, ცენტრის ფუნქციას შეითავსებს ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, რაც ნორმალურია და ასეც უნდა იყოს, ეს არის დეპარტამენტი რომელიც უხელმძღვანელებს ევროკავშირთან ურთიერთობებს. აქაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება - იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის პრიორიტეტი ქვეყნისთვის, ევროპული დეპარტამენტი ძლიერდება. აქ იქნება თავმოყრილი როგორც ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე თავად ევროკავშირთან ურთიერთობები, რაც კიდევ უფრო კარგ შესაძლებლობას მოგვცემს იმისთვის, რომ უკეთ გავატაროთ კოორდინირებული პოლიტიკა“, - განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, რეფორმის საბოლოო მიზანია ძლიერი, მოქნილი და სტრატეგიულად ორიენტირებული საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც სრულად პასუხობს ქვეყნის ინტერესებს და გლობალურ კონტექსტში მისი პოზიციების გამყარებას.