მაკა ბოჭორიშვილი: დღესაც ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლებრივი მექანიზმებით, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად მოქალაქეთა დარღვეული უფლებები დავიწყებას არ მიეცეს

მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ბრძოლას და არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები არ მიეცეს დავიწყებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჰააგაში განაცხადა, სადაც ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა.

მისი თქმით, საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნველოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა.

„ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით უსამართლობის ფასი – მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება, სახლების ნგრევა და დამნაშავეთა დაუსჯელობის შედეგად საზოგადოებაში დარჩენილი მოუშუშებელი იარები. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ბრძოლას და არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები არ მიეცეს დავიწყებას. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილებით რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოსთან მიმართებაში, ის კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ნორმების უგულვებელყოფას. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არსებული მექანიზმების ეფექტიანობის გაანალიზება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რომ სამართალი აღსრულდეს. საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მხრივ ურყევ საერთაშორისო ძალისხმევას. რასაკვირველია, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ რეაგირებას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა. და, ბოლოს, საქართველო სოლიდარულია უკრაინელი ხალხის და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის სამართლებრივ უფლებებს. მსურს, მადლობა გადავუხადო ნიდერლანდებს, ამ კონფერენციის მასპინძლობისთვის და გენერალურ მდივანს მისი ძალისხმევისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.