7 ივნისი მიცვალებულების ხსენების დღეა - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
1749277197
ახალი არ არის, რუსეთი როგორ უყურებს ნატოს გაფართოებას, არც ის არის ახალი, რომ ჩვენ გვსურს ნატოს წევრობა და ამდენი ხანია სწორედ აქ ვხედავთ ჩვენი უსაფრთხოების ქოლგას და სწორედ ამიტომ არის ჩვენი კონსტიტუციური მიზანი, რომ ეს წარმოგვიდგენია ჩვენი უსაფრთხოების გარანტიად. თუმცა მეორეს მხრივ შეუძლებელია ამ პროცესში თვალი დახუჭო და არ შეხედო იმ განვითარებებს, რაც არის, რა განცხადებებიც კეთდება, რა დამოკიდებულებებიც შეიძლება არსებობდეს ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ერთია ჩვენ რა გვინდა და მეორე არის ობიექტური რეალობა როგორი იქნება. ჩვენ მხოლოდ ჩვენი სურვილით რომ შეგვძლებოდა ნატოში გაწევრიანება, 2008 წელსაც ვიქნებოდით ნატოში გაწევრიანებული და შეიძლება კიდევ უფრო ადრე, პრეზიდენტმა შევარდნაძემ თქვა,რომ ჩვენი ადგილი არის ევროკავშირსა და ნატოში. ეს რომ ჩვენზე ყოფილიყო დამოკიდებული, მაშინვე გავხდებოდით ნატოს და ევროკავშირის წევრები.
ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გზა, ეს არის ორივე მხარის გასავლელი გზა და ორივე მხარის ინტერესსა და სურვილზეა დამოკიდებული. რამდენად აქვს თავად ნატოს გაფართოების სურვილი, უნარი იმისა, რომ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, ეს უკვე ნატოს წევრი სახელმწიფოების სათქმელია. ჩვენ ვნახეთ, რომ 2008 წლიდან საქართველო და უკრაინა არიან ის ქვეყნები, რომელთაც აქვთ დაპირება, რომ უნდა გამხდარიყვნენ ნატოს წევრები, თუმცა ჩვენ ამ დრომდე ვერ ვნახეთ რეალურად გადადგმული ნაბიჯი ნატოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მზად ყოფილიყო ნატოს წევრობისთვის.
ვერავინ ვერ იტყვის, რომ საქართველო უფრო ნაკლებად იყო მომზადებული, ვიდრე ბალკანეთის რომელიმე ქვეყანა, რომელიც მას შემდეგ გახდა ნატოს წევრი და ჩვენ ფინეთის და შვედეთის მაგალითზე ვნახეთ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, თუ როგორ სწრაფად შეიძლება გახდეს ქვეყანა ნატოს წევრი. საქართველოს ნამდვილად არ გვაკლია მზაობა, რაც გვაკლია ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური ნება ნატოს ნატოს და არა საქართველოს მხრიდან“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.