სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1749822073
მოვუწოდებ ყველა წარმომადგენლობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც საქართველოში და მათ შორის, დასავლელი მეგობრების საელჩოებს, რომ ნუ შეეცდებიან, კვლავ ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში. ერთი, რაც შეუძლიათ მათ გააკეთონ, რომ ხელი შეუწყონ დეპოლარიზაციას, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე საუბრისას.
იგი არჩევნებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა. კითხვაზე, რა რეაგირება მოჰყვება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იმ ფაქტს, რომ მუნიციპალურ არჩევნებზე დომინანტი ისევ „ქართული ოცნება“ იქნება, ბითაძემ აღნიშნა, რომ „არავის საქმე ჩვენი საზღვრების მიღმა არ არის, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში და ვის აირჩევს საქართველოს მოსახლეობა“.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც შეიძლება შედეგობრივად მიიღონ არის ის, რომ რადიკალური ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს ან მათ მხარდამჭერებს ვინმე უცხოელის კრიტიკა გულზე ეამებათ.
„ევროპარლამენტში ზოგიერთი დეპუტატის განცხადებებშიც მოგვისმენია, რომ ევროკავშირი უხეშად ერევა ბოლო პერიოდში და მათ შორის, დასავლეთის სახელმწიფოები საქართველოს საშინაო საქმეებში და ამას არაფერი კარგი არ მოაქვს ორმხრივი ურთიერთობებისთვის.
ევროკავშირმა და დასავლეთ სახელმწიფოებმა იცოდნენ, რომ კავკასიაში მათ ჰყავდათ მეგობარი, მათ ჰყავდათ ერი და მოსახლეობა, რომელთაც სწამდათ ამ ორგანიზაციისა და დასავლური ღირებულებების, სწამდათ დემოკრატიის - იმ დემოკრატიის, რომელიც 50-იან წლებში შეიქმნა ევროკავშირში. მე მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ შეეცდებიან საქართველოს მოსახლეობაზე ზემოქმედებას არასწორი, არასამართლებრივი გზით, რადგან ამას არანაირი შედეგი არ ექნება.
მოვუწოდებ ყველა წარმომადგენლობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც საქართველოში და მათ შორის, დასავლელი მეგობრების საელჩოებს, რომ ნუ შეეცდებიან, კვლავ ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში. ერთი, რაც შეუძლიათ მათ გააკეთონ, რომ ხელი შეუწყონ დეპოლარიზაციას და ხელი შეუწყონ იმას, რომ შეასრულონ ის მოვალეობები, რაც მათ საერთაშორისო სამართლით ეკისრებათ და კარგად გაიგონ, რომ საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა ძალიან ბევრი ტკივილის, მათ შორის, ომების შედეგად და ძალიან კარგად ესმის, რომ საბოლოოდ, საქართველოს პატრონი თავად საქართველოა“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა: „კვლევების თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, რაც მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებზე. ოპოზიციამ რომც მიიღოს მონაწილეობა, მაქსიმუმ 3-4 მანდატის მიღება შეუძლიათ საკრებულოებში“.