ლევან ჟორჟოლიანი: სახელმწიფო გრანტის სააგენტოს კონკურსები იქნება გამჭვირვალე, საზოგადოებრივი ორგანიზაციები რეალურად მოემსახურებიან საზოგადოებას, ქართველ ხალხს და მათ ინტერესებს და არა პირიქით

ლევან ჟორჟოლიანი

საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ უცხოელი აქტორების მხრიდან, არ ემსახურებოდნენ სახელმწიფოს ეროვნულ მიზნებს, შესაბამისად, შეიქმნა სახელმწიფო გრანტის სააგენტო, რომელსაც მთავრობის განკარგულებით განესაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება და გრანტების გაცემა აპრობირებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით, დასავლურ ქვეყნებში.

„ევროკავშირის არაერთ ქვეყანას აქვს მსგავსი პროგრამები, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას. როგორც ბოლოს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ უცხოელი აქტორების მხრიდან, ფაქტია, რომ არ ემსახურებოდნენ სახელმწიფოს ეროვნულ მიზნებს, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, რომელმაც უნდა განავითაროს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც კონტრიბუცია უნდა შეიტანოს განათლების, მეცნიერების დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების მიმართულებით განვითარებაში. შესაბამისად, საჭიროება დადგა, სახელმწიფომ თავად აიღო ეს თავის თავზე, შეიქმნა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელსაც მთავრობის განკარგულებით განესაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები. პრიორიტეტული მიმართულებებია დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, ეკონომიკური განვითარება, შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ჯანდაცვა, სპორტი, ახალგაზრდობა. განათლება, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ყველა სხვა ის პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც თანხვედრაშია სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ის, რომ სახელმწიფო გრანტის სააგენტოს კონკურსები იქნება გამჭვირვალე, ჩატარდება რეალური კონკურსები და აღნიშნული საზოგადოებრივი ორგანიზაციები რეალურად მოემსახურებიან საზოგადოებას, ქართველ ხალხს და მათ ინტერესებს და არა პირიქით“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული სფეროები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.