1756282010
ლევან სანიკიძე: პროკურატურის ნაბიჯი ადასტურებს ცივილიზაციურ დაპირისპირებას, სადაც საქართველოს ევროპული ნაწილი ებრძვის მოღალატეთა რაზმს

პროკურატურის ნაბიჯი ნათლად ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ატარებს. ეს არის ცივილიზაციური დაპირისპირება, სადაც საქართველოს ევროპული ნაწილი ებრძვის მოღალატეთა რაზმს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
სანიკიძე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას გამოეხმაურა.
„ჩვენ ვნახეთ ევროპელი პარტნიორების უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომლის მიხედვითაც, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მხრიდან აუცილებელია რუსული კანონის გაუქმება, მისი აღსრულებაში არმოყვანა, თუმცა ეს რაღაც მგლის თავზე სახარების კითხვასავით არის. ამის საპასუხოდ, დღეს საქართველოს პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაიწყო იმ რეპრესიების გატარება, რასთან დაკავშირებითაც გუშინ გააფრთხილეს, რომ არ მომხდარიყო მსგავსი ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ნათელი დასტური, რომ სწორედ ივანიშვილი ასანქცირებს ოთხ მილიონ ქართველს, გვართმევს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას და ეს სცდება ამ საკითხს. ეს არის ცივილიზაციური დაპირისპირება, სადაც საქართველოს ევროპული ნაწილი ებრძვის მოღალატეთა რაზმს, რომლის მთავარი დანიშნულება რუსეთის ფედერაციის ინტერესების გატარებაა, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.