ლევან მახაშვილი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა დევს სასწორზე, წერილში რამდენიმე კანონის გაუქმებას ითხოვენ, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებზე, რაც წითელი ხაზია

ლევან მახაშვილი

წერილში რამდენიმე კანონის გაუქმებას ითხოვენ – „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის, ასევე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის, ასევე ამბობენ, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ისე შეიცვალოს, რომ ლგბტ პირების უფლებები სრულად იყოს დაცული. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა დევს სასწორზე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის ევროკომისიასთან იმუშაოს როგორც საგარეო კონტროლზე, ასევე თავშესაფრისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე, რაზეც წინა ანგარიშებში იყო საუბარი.

„წლების განმავლობაში, ევროკომისიასთან სამუშაო რეჟიმში ვართ, რათა უვიზო მიმოსვლას არანაირი პრობლემა არ შეექმნას. წერილი, რომელზეც კაია კალასმა მინიშნება გააკეთა, ეს ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშია უვიზო მიმოსვლის შესრულებაზე, რაც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. პრაქტიკულად, ამ ანგარიშის 95 პროცენტი იდენტურია. ევროპელებთან კომუნიკაცია გვექნება, ეს წერილი რამდენად შეიძლება, საჯარო იყოს, მაგრამ 95 პროცენტი იგივე რეკომენდაციებია. თავს უფლებას მივცემ, რომ რამდენიმე საკითხი საჯაროდაც ვთქვა, რადგან ამ დოკუმენტის რეკომენდაციები საჯაროა. კაია კალასმა მითითება ამორჩევით, მხოლოდ ერთზე გააკეთა, მე კი, რამდენიმეს ვიტყვი და საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად სამართლიანია ის მიდგომები და რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირს მოცემული აქვს. როგორც მეშვიდე ანგარიშში, ასევე ამ წერილში რამდენიმე კანონის გაუქმებას ითხოვენ. ვციტირებ – გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონი, ასევე „ოჯახური ღორებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი. ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ისე შეიცვალოს, რომ ლგბტ პირების უფლებები სრულად დაცული იყოს. ეს არის ის, რასაც სხვა საკითხებთან ერთად ევროკავშირი გვთავაზობს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სასწორზე რა დევს, რომ ეს საკითხი დარეგულირებული იყოს. ევროკომისიასთან მუშაობას გავაგრძელებთ ისე, როგორც წინა ექვსი ანგარიშის ფარგლებში ვმუშაობდით. ეს სამუშაო პროცესია. მზად ვართ, ვიმუშაოთ როგორც საგარეო კონტროლზე, ასევე თავშესაფრისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე, რაც წინა ანგარიშებში იყო საუბარი. დაკავებულებზე არ წერია“, – განაცხადა ლ;ევან მახაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება. ეს ჰაერზე მოტანილო სიტყვები არ არის. ჩვენი რწმენა იმ რეკომენდაციებს და სამუშაო პროცესს ეფუძნება, რაც ყოველთვის ევროკომისიასთან გვქონდა. ასეც გავაგრძელებთ. წერილს შევისწავლით და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება, გაკეთდეს. მათ შორის, რა შეიძლება, შს სამინისტრომ გააკეთოს, იუსტიციის სამინისტრომ და სხვა უწყებებმა, რათა ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოს იმის განცდა არ ჰქონდეთ, რომ უვიზო რეჟიმის სისტემა ბოროტად იყოს გამოყენებული, რათა ევროკავშირის მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნას. ეს წერილი სამუშაო დოკუმენტია და ვნახავთ, სად არის რესურსი რომელიმე კანონის გაუქმება-არგაუქმების. ევროკავშირი როდესაც საქართველოსგან რომელიმე კანონის გაუქმებას ითხოვს, ამ დროს ზეპირად, წერილში თარიღი არ არის დასახელებული და 31 აგვისტოს ამბობენ, შევახსენებ, რომ პარლამენტი ოფიციალურ მუშაობას 2 სექტემბრიდან იწყებს. ამიტომ, ფიზიკურად ამ კანონების გაუქმება ვერ მოხდება, ამის ნება რომც იყოს. ავწონ-დავწონით, რა შეიძლება, გაკეთდეს და არ გაკეთდეს. სიურპრიზი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რამდენიმე წითელი ხაზია, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებზე, ასევე ისეთ საკითხებზე, რაც კონსერვატიულ იდეას და მიდგომებს ეფუძნება, რომელიც ხელისუფლებას აქვს და რომლის საარჩევნო დაპირების საფუძველზეც გავიმარჯვეთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.