1773348202
ლევან მახაშვილი: საქართველოს მიმართ იმ ქვეყნების პოლიტიკა იცით, ვინც „მოსკოვის მექანიზმს“ დაუჭირა მხარი, ყველა ხავსს და შესაძლებლობას ეჭიდებიან, ქვეყნის წინააღმდეგ საქმე რომ შეკერონ, რეპუტაცია დააზიანონ
ეუთო-ს თითოეული ბერკეტი გამოყენებული უნდა იყოს დანიშნულებისამებრ, კეთილსინდისიერად, ნებისმიერი სხვა მცდელობა, არის ბოროტად გამოყენება ამა თუ იმ მექანიზმის, რაც, საბოლოო ჯამში, თავად ეუთო-ს სანდოობას აზიანებს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მოტივაცია ისიც იყო, რომ სხვა სახელმწიფოებმა ამ მექანიზმის დაინიცირებასა და გამოყენებაზე თავი შეიკავეს ან უარი განაცხადეს.
„ამა თუ იმ მექანიზმს როდესაც ეფარები და ბოროტად იყენებ, საბოლოო ჯამში, ამავე მექანიზმს აზიანებ და არა იმ სახელმწიფოს, რომლის წინააღმდეგაც იყენებ. 57 სახელმწიფოდან ამ მექანიზმის გამოყენებას 24-მა მოაწერა ხელი, ხოლო საქართველოს ჩათვლით 33 ქვეყანამ უარი განაცხადა და მხარი არ დაუჭირა ამ პროცესის დაწყებას. ვინც დოკუმენტს მხარი დაუჭირა, იცით, ამ ქვეყნებს რა პოლიტიკა აქვთ საქართველოს მიმართ. ამ ნაწილში მკაფიო ხაზი ევლება იმას, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და არა სამართლებრივი საფუძვლებით ნაკარნახევი. ყველა ხავსს და შესაძლებლობას ეჭიდებიან, რომ საქართველოს წინააღმდეგ საქმე შეკერონ, რეპუტაცია დააზიანონ და, საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკურად გამოიყენონ. ისევ გარე იმედი აქვთ, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია ხალხს ელაპარაკოს. როგორც ვხედავთ, უცხოეთიდან გადმოგდებული მაშველი რგოლების იმედად არიან“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.











