ლევან მახაშვილი რუტეს განცხადებაზე: ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დაიწყო ომი უკრაინაში ნატოს გაფართოებას უკავშირდება. ამდენი წელი აომეს და დღეს აღმოჩნდა, რომ ეს იყო ცრუ დაპირებებით მოსახლეობის გაბრუება, ქვეყნის ამხელა დონეზე გაწირვა

ლევან მახაშვილი

ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დაიწყო ომი უკრაინაში ნატოს გაფართოებას უკავშირდება. ამდენი წელი აომეს და დღეს აღმოჩნდა, რომ ეს იყო ცრუ დაპირებებით მოსახლეობის გაბრუება, ქვეყნის ამხელა დონეზე გაწირვა, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას.

მისი თქმით, მარკ რუტეს განმარტება, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი უახლოეს პერიოდში არ გადაწყდება, მოულოდნელი არ ყოფილა.

„ეს ძალიან სამწუხარო განცხადებაა თუმცა არა მოულოდნელი. ყველა ხედავს ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, რომ რეალურად, ნატო გაფართოებას აღარ აპირებს მის აღმოსავლეთ საზღვრებზე. აქ უბრალოდ სამწუხარო ის არის, რომ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დაიწყო ომი სწორედ ნატოს გაფართოებას უკავშირდება. ამდენი წელი აომეს, აბრძოლეს, დაშალეს ქვეყანა, ამხელა ტრაგედია გადაიტანა ქვეყანამ და დღეს აღმოჩნდა, რომ ეს იყო მხოლოდ გაბრუება ცრუ დაპირებებით მოსახლეობის. ცრუ დაპირებების საფუძველზე ქვეყნის ამხელა დონეზე გაწირვა. თუ კი ვინმეს იმედი უნდა ჰქონდეს ქვეყანას, ეს არის საკუთარი ძალის, საკუთარი შესაძლებლობების და პოზიციების“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ნატოს გენმდივანი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრების საკითხი მოკლევადიან პერსპექტივაში არ გადაწყდება.