ლევან მახაშვილი: რეზოლუცია აჩვენებს, რომ ევროპარლამენტარები არასასიკეთო ინტერესებით მოქმედებენ, სხვა შემთხვევაში, შეუძლებელია, დამნაშავეები საქართველოს ევროპულ ღირებულებად შეასაღო

ლევან მახაშვილი

რეზოლუცია აჩვენებს, რამდენად არასერიოზულია ევროპარლამენტარების მოქმედება და რამდენად არ აქცევენ ყურადღებას არც კანონის უზენაესობას და არც დემოკრატიას. მათთვის ევროპული ღირებულება მნიშვნელოვანი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეm, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ევროპარლამეტარებს საქართველოსთვის არასასიკეთო ინტერესები აქვთ და ასე მოქმედებენ.

„სულ რომ მილიონმა ადამიანმა თქვას, რომ მანქანა ტელეფონია, ის ტელეფონი ვერ გახდება და მაინც მანქანა იქნება. რაც არ უნდა ამტკიცონ და რა რაოდენობის რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ, როცა ადამიანები ჩადენილ დანაშაულს თავად აღიარებენ და ქართული საზოგადოება ხედავს, რისი გამკეთებლები არიან, ამის ფონზე უხეშად თავს მოხვევა, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან, ეს, მინიმუმ, ღიმილის მომგვრელია. რეზოლუცია აჩვენებს, რამდენად არასერიოზულია ევროპარლამენტარების მოქმედება და რამდენად არ აქცევენ ყურადღებას არც კანონის უზენაესობას და არც დემოკრატიას. მათთვის ევროპული ღირებულება მნიშვნელოვანი არ არის, საქართველოსთვის არასასიკეთო ინტერესები აქვთ და ასე მოქმედებენ. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია, საქართველოს მოძალადეები და დამნაშავეები ევროპულ ღირებულებად შეასაღო. არ გამიკვირდება, რომ მარკეტა გრეგოროვამ ელენე ხოშტარიას მიერ რუსეთიდან მიღებული რუბლების შესახებ არაფერი იცოდეს, რადგან აქვთ დაკვეთა ხან ერთი გვარის და ხან მეორე გვარის მიმართ. რამდენად არასერიოზულია დამოკიდებულება, ესეც ამაზე მეტყველებს. თუ ეს არ იცის, აბა, რა იცის ადამიანმა, რომელიც რეზოლუციის ავტორია და წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის ელენე ხოშტარია, რა უკეთებია და რისთვის ზის საპატიმროში, ვინ არის ქართულ პოლიტიკაში? თუ იცის და ამ ყველაფერს თავს არიდებს, ცოდნაც და არცოდნაც ტრაგიკულია, რადგან იმ არასერიოზულობას აჩვენებს, რაც თითოეულ ევროპარლამენტარს აქვს საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა მახაშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო, ასევე „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ სისხლისსამართლებრივ დევნას“.