ლევან მახაშვილი - ორივე ქვეყნის მიზანია, მშვიდობით შექმნილი ახალი შესაძლებლობები გამოვიყენოთ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სურვილებს თუ უპირისპირდებიან, საჯაროდ განაცხადონ

ლევან მახაშვილი

ახალ ადმინისტრაციასთან არაერთხელ გვქონდა საუბარი – ორივე ქვეყნის მიზანია, მშვიდობით შექმნილი ახალი შესაძლებლობები ურთიერთსასარგებლოდ გამოვიყენოთ. ახალი ადმინისტრაციის სურვილებს და ინტერესებს თუ უპირისპირდებიან, ესეც საჯაროდ განაცხადონ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „მეგობარი აქტის“ შესახებ განაცხადა, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს განიხილავს.

მახაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა.

„ამ კონგრესმენებს არაერთხელ ავუხსენით, ჩვენი პოლიტიკის მიზანი რა არის. მიზანია, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. მათი საქმე ისეა, „მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, გამიშვი, ცხვარი წავიდაო“. იგივეს მაინც აგრძელებენ. ამ აქტის რიტორიკაა, რომ ქვეყანა უდიდესი რისკების წინაშე დადგება ეკონომიკური, თუ სამხედრო დაპირისპირების თვალსაზრისით. ამის მიუხედავად, იმავეს აგრძელებენ ჯიქურ და ჯიუტად. ამიტომ, საბოლოო ჯამში, მკაფიოა, რა არის ჩვენი და რა – მათი პოლიტიკა. ჩვენი პოლიტიკა ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა, ხოლო მათი სურვილი და პოლიტიკა ისაა, რაც დაუკვეთეს და გადაუხადეს. აგენტების კანონით მალე გამოჩნდება, რომ მათი პოლიტიკაა აურზაურისა და დაპირისპირების შემოტანა. ამიტომ, როგორც უნდათ, გააგრძელონ. სხვათა შორის, ამაზე ახალ ადმინისტრაციასთან არაერთხელ გვქონდა საუბარი – ორივე ქვეყნის მიზანია, რომ მშვიდობით შექმნილი ახალი შესაძლებლობები ურთიერთსასარგებლოდ გამოვიყენოთ. ისინი ახალი ადმინისტრაციის სურვილებს და ინტერესებს თუ უპირისპირდებიან, ესეც საჯაროდ განაცხადონ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარ აქტს“ დღეს განიხილავს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ 27 მარტს დაუჭირა მხარი.

„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას; გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით; გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან“.