ლევან მახაშვილი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვაზე: საინტერესოა, გერმანიის მთავრობის პასუხი რა იქნება

ლევან მახაშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი გერმანიაში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ დასმულ კითხვებს ეხმაურება.

მისი შეფასებით, საინტერესოა, თავად გერმანიის ხელისუფლება როგორ ხედავს საქართველოში პეტერ ფიშერის საქმიანობას.

"ძალიან კარგია, რომ საქართველო და ჩვენი ხმები არ არის მარტო ამ საქმეში. ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებულები და ამ კითხვებს ვერ გაეცემა პასუხები, თუ თავად გერმანელებმა არ დაუსვეს საკუთარ ხელისუფლებას ეს კითხვები. საინტერესოა, გერმანიის ხელისუფლების პასუხი რა იქნება, როგორ ხედავენ ისინი რეალურად ყოფილი ელჩის საქმიანობას ჩვენთან. ფაქტი ერთია, რომ ამ ელჩს ჰქონდა ძალიან ნეგატიური როლი საქართველოში პოლარიზაციის ხელშეწყობაში და იმედია, რომ ამას გადაიაზრებს და გააანალიზებს გერმანიის ხელისუფლება და შემდგომი ნაბიჯები, რასაც ისინი გადადგამენ, პირიქით შემოატრიალებს და დააბრუნებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს იმ წერტილში, რასაც იმსახურებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების შემდეგ, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პარტია ამჯერად არასამთავრობოების საქმიანობით ინტერესდება და ფედერალურ მთავრობას 9 ახალი კითხვით მიმართავს.

"ალტერნატივა გერმანიისთვის" ითხოვს ინფორმაციას იმ არასამთავრობოებზე, რომლებსაც 2020 წლის შემდეგ, გერმანიის მთავრობისგან ფინანსური მხარდაჭერა აქვთ მიღებული - რა მიზნებს ემსახურებოდა, რა თანხები დაიხარჯა და რომელ პროექტებზე. გარდა ამისა, დეპუტატები ითხოვენ ინფორმაციას, რომელი ორგანიზაციები არიან დაახლოებული საქართველოს მთავრობასთან და ოპოზიციასთან და რა ფორმითაა გერმანიის საელჩო ჩართული ამ თანამშრომლობაში.