1788234240
ლევან მაჭავარიანი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: დასტურდება ის, რაზედაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია
დასტურდება ის, რაზედაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია. პირველ რიგში კი მათ მმართველ კლასში და იმ პოლიტიკაში, რასაც ისინი აყალიბებენ არა ევროპელი ხალხის დაკვეთით, არამედ გარე ძალების დაკვეთით, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.
„[ისლანდიის] გაწევრებაზეც არ ყოფილა საუბარი, თუმცა მოლაპარაკებების განახლებაშიც კი სერიოზულ საფრთხეს ხედავენ ამ უგუნური პოლიტიკიდან გამომდინარე რასაც დღევანდელი ევრობიუროკრატები ატარებენ. მათ უნდა გადახედონ იმას, რომ ეს ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალიზმის გავრცელება, იაფ რესურსებზე უარის თქმა, უკონტროლო მიგრაცია ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრებაზე უარი თქვა. ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა. მოსახლეობის 52,8%-მა ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.











