1752076138
ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატების აბსურდული რეზოლუციები, განცხადებები, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ქართულ საზოგადოებაში განწყობებს ცვლის, რაც სამწუხაროა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ რეზოლუციას ყურადღებას აღარ აქცევენ.
„მერამდენე რეზოლუციაა, უკვე თვლაში დავიკარგე, ამიტომ ჩვენ ყურადღებას აღარ ვაქცევთ და ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვისაც ეს ყველაფერი საინტერესო არ არის. ასეთი ტიპის რეზოლუციები საინტერესო იქნებოდა და მღელვარებას გამოიწვევდა 3,4 და 5 წლის წინ, მაგრამ დღეს ეს უკვე ქართველებს აღარ გვაინტერესებს, რადგან უკვე მეექვსე რეზოლუციაა, სადაც ერთი და იგივე შინაარსს ატრიალებენ. გამუდმებითაა საუბარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და არჩევნების შესახებ. ევრობიუროკრატებს პულსზე ხელი არ უდევთ თუ რატომ აკეთებენ ამას, ვერ ვხვდები“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატების აბსურდული რეზოლუციები, განცხადებები, გადადგმული ნაბიჯები, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ქართულ საზოგადოებაში განწყობებს ცვლის, რაც სამწუხაროა.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო.