ლევან იოსელიანი საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება: საქართველო არ იქნება პირველი შემთხვევა, სადაც ეს მოხდება - ასეთი რამ გერმანიაში, ესპანეთსა და თურქეთშიც მომხდარა

ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი რამ სხვადასხვა ქვეყანაშიც მომხდარა.

„ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების სისტემურ ფეხქვეშ გათელვაში იღებდნენ მონაწილეობას, ვინც ამას ამართლებდა, იმ ადამიანების პოლიტიკაში ხილვა მე არ მინდა. არ მინდა ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, ვინც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა. საქართველო არ იქნება პირველი შემთხვევა, სადაც ეს [პარტიების აკრძალვა] მოხდება, ასეთი რამ გერმანიაში, ესპანეთსა და თურქეთშიც მომხდარა.

ადამიანები, პარტიები, ვინც ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავდა ან თელავს, ჩემი აზრით, მათ ჩვენ ჭკუა არ უნდა გვსწავლონ, ჩვენი მომავალი არ უნდა განსაზღვრონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

16 ოქტომბერს პარლამენტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებების თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება, ამ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, პარტიული თანამდებობის, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება.