ლატვიის პრეზიდენტი: სამწუხაროდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტომ საარჩევნო პროცესის ორგანიზება ვერ შეძლეს

ნკ

ლატვიაში ჩატარებული არჩევნებით ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩსი უკმაყოფილოა. რინკევიჩსი ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტოს მუშაობას აკრიტიკებს.

როგორც რინკევიჩსმა „ფეისბუქში“ დაწერა, ამ უწყებებმა საარჩევნო პროცესის ორგანიზება ვერ შეძლეს. ამიტომ, მას მიაჩნია, რომ ქვეყნის პარლამენტმა და მთავრობამ უნდა შეაფასონ ამ ინსტიტუტების მუშაობა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა.

ლატვიის პრეზიდენტის ცნობით, მომავალი წლის სეიმის არჩევნების შეუფერხებლად ჩასატარებლად კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა არსებობდეს და საკითხი მომავალ კვირას დაგეგმილ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განიხილება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7 ივნისს მუნიციპალურ არჩევნებზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმის დათვლის ავტომატურ სისტემას ტექნიკური ხარვეზი შეექმნა. ლატვიის მასშტაბით რამდენიმე საარჩევნო უბანი იძულებული გახდა რამდენიმე საათით გაჩერებულიყო, სანამ ხმების ხელით დათვლის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.