ლაშა ფარულავა: სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება არის საფუძველი, საქართველოში ხელახალი არჩევნები დაინიშნოს

ლაშა ფარულავა

„ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში კონკრეტული დამნაშავეები სხედან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას თქმით, დამნაშავეა როგორც „ქართული ოცნება“, ასევე გახარიას პოლიტიკური ჯგუფი და მათ აქვთ ეს პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი.

„2019 წლის 20 ივნისს მათ იძალადეს ხალხზე, მოუწყეს ფიზიკური განადგურება, ქართველი ხალხი, საკუთარი სისხლი და ხორცი გაწირეს და ეს დაადგინა ევროპულმა სასამართლომ. ამ ადამიანებს აღარ აქვთ აღარც პოლიტიკური, მორალური უფლება, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელონ.

2019 წლის 20 ივნისს ივანიშვილის პოლიტიკურმა რეჟიმმა: კობახიძემ და გახარიამ ქართველ ხალხს სისხლიანი ღამე მოუწყო. ამ გადაწყვეტილებაში ეს იკითხება. პოლიტიკურად და სამართლებრივად მათი საქმიანობა შეფასდა და ისინი არიან კონკრეტული დამნაშავეები. არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ გახარიას პოლიტიკური დაჯგუფებაც დამნაშავეა და მათ აღარ აქვთ უფლება, არალეგიტიმურ პარლამენტში საქმიანობა გააგრძელონ. ეს გადაწყვეტილება არის საფუძველი, რომ საქართველოში ხელახალი არჩევნები დაინიშნოს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით პოლიციის მიერ პარლამენტის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლას ეხება. 24 მომჩივანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა/ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობა). 14 მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (გამოხატვის თავისუფლება). ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ 11 მომჩივანის მიმართ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება).

ცნობისთვის, საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ საქართველოს პროკურატურამ ორ საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.