1776887506
ლადო ბოჟაძე საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე - ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერთ
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტები" თავმჯდომარე, ლადო ბოჟაძე საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება, რომელზეც პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს მუშაობას. მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებებს მათი საპარლამენტო გუნდის მხარდაჭერა ექნება.
"ჩვენი პოლიტიკური გუნდი ელოდება, პირველ რიგში, კანონპროექტის წარმოდგენას, თუმცა ის განცხადება, რაც გააკეთა პრემიერმა ვფიქრობთ, რომ არის მნიშვნელოვანი, საყურადღებო და ასეთი სტრუქტურის შექმნამ პირიქით, ხელი შეუწყოს სამართალდამცავი სისტემის უფრო კოორდინირებულად მუშაობას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერთ.
ამასთან, ჩვენ შევხვდებით სუს-ის უფროსობის კანდიდატს, გვექნება შეკითხვები მის გეგმებთან, მის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, აქაც დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი მხარდაჭერა ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან გეკა გელაძესაც ექნება," - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.
საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე, პარლამენტი მუშაობას დაჩქარებული წესით იწყებს. მომავალ კვირას დეპუტატები სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალ თანამდებობას დაამტკიცებენ, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ახალ თანამდებობასთან ერთად ექნება ვიცე-პრემიერის სტატუსიც. მომავალ კვირას იგეგმება სუს-ის ახალ ხელმძღვანელად გეკა გელაძის არჩევაც. რაც შეეხება, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს - ამ თანამდებობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. ამ ეტაპზე ვაკანტურია აჭარის პირველი პირის პოსტი. მთავრობას ეყოლება მესამე ვიცე-პრემიერიც რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იქნება.












