„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
დღეს, ტამიშის ბრძოლიდან 32-ე წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, მისმა მოადგილემ, ანზორ მარგიანმა, ვეტერანებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
გმირთა მოედანზე, ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად, ასევე, იმყოფებოდნენ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, ა(ა)იპ ‘„ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრები.
„მინდა, თითოეული, ის გმირი, ის ადამიანი, ვინც საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას თავი შესწირა, უკვდავყოთ!.. ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი“, -განაცხადა კობა კობალაძემ.
1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, საზღვაო დესანტი გადმოსხა 600 კაცის შემადგენლობით. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მოწინააღმდეგემ, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან - ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ბრძოლას, პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ, რამდენიმედღიანი, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. ქართულ შენაერთებზე დიდი ზარალი მიადგათ რუსულ-აფხაზურ-ჩრდილო-კავკასიურ დაჯგუფებებს. ქართული საჯარისო ფორმირებების ერთიანი ძალისხმევის შედეგად, 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმა, სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია.
ტამიშის ბრძოლa - აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.