1733828422
„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ გაიცეს მათზე დეპუტატის დროებითი მანდატი
„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ მოხდეს მათზე პარლამენტის წევრის დროებითი მანდატის გაცემა. ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ და ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ აღნიშნა, პარლამენტი არალეგიტიმურია და პარლამენტში ყოფნით მას ლეგიტიმაციას ვერ შესძენენ.
„პარლამენტი არის არალეგიტიმური, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა მიგვაჩნია არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად. ეს არის ჩვენი კოალიციის პოზიცია და ჩვენი გადაწყვეტილება. კოალიციის სია იყო 82-კაციანი. ყველა, ვინც სიაშია, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში. ამ სამყაროში ჩვენი ერთადერთი მტრის, რუსეთის ფედერაციის. ვადასტურებთ, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური და ჩვენი თანამონაწილეობა ამ პარლამენტში გამორიცხულია. ჩვენ ვერ შევძენთ ლეგიტიმაციას ჩვენი იქ ყოფნით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამასთან, როგორც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, „არჩევნების ღამესვე ცხადი იყო, რომ აღნიშნული არჩევნები არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ ნებას“.
„„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ სახელით განვაცხადეთ, რომ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე. დღეს გვინდა, ოფიციალურად, თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც იყო „ერთიანობა-ნაციონალ;ური“ მოძრაობის საპარლამენტო სიაში, ინდივიდუალური წერილით მივმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცესკო-მ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს განსახილველადაც კი. ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა ის წერილები, რომლებსაც ჩვენ ვაგზავნით ცესკო-ში და ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგანზე, არცერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საარჩევნო სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, არ გაგვატარონ რეგისტრაციაში, შესაბამისად, პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელი და გვარები ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.