ხაზარაძე აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას „ლელო-ძლიერი საქართველო“ არ შეცვლის

ხაზარაძე

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას „ლელო-ძლიერი საქართველო“ არ შეცვლის.

ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს რუსთავის საპატიმრო დაწესებულებასთან განუცხადა.

„გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული აქვს „ძლიერ საქართველოს“. სწორედ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა, მიზანი გვაქვს ყველას ერთი. ეს მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ამ მიზნისთვის ჩვენ არცერთი წამით არ უღალატია, ამ ბრძოლას გააგრძელებს. დანარჩენი – მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებლად. არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ მაშინ, როცა უკვე ვიჯექით ციხეში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.