ხათუნა თოთლაძე: ჩვენი მონაცემებით, საქართველოს 170-180 მოქალაქე იმყოფება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, იმედი გვაქვს, უახლოეს საათებში კონკრეტული გადაწყვეტილება გვექნება შემდეგ სპეციალურ რეისთან დაკავშირებით

ხათუნა თოთლაძე

ჩვენი მონაცემებით, საქართველოს 170-180 მოქალაქე იმყოფება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, იმედი გვაქვს, უახლოეს საათებში კონკრეტული გადაწყვეტილება გვექნება შემდეგ სპეციალურ რეისთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა

მისივე თქმით, მიმდინარეობს პროცედურები, რომლის შედეგადაც საზოგადოებასაც ოფიციალურად აცნობებენ, კონკრეტულად რომელ დღეს და რომელ საათზე განხორციელდება კიდევ ერთი დამატებითი სპეციალური რეისი.

„დღეის მდგომარეობით უკვე სამი სპეციალური რეისი განხორციელდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან, ორი სპეციალური რეისი განხორციელდა ომანის სასულთნოდან, ერთი საუდის არაბეთიდან. უკვე საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქეა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებული. რაც შეეხება შემდგომ რეისებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მიმდინარეობს პროცედურები, რომლის შედეგადაც საზოგადოებასაც ოფიციალურად ვაცნობებთ, კონკრეტულად რომელ დღეს და რომელ საათზე განხორციელდება კიდევ ერთი დამატებითი სპეციალური რეისი. როგორც იცით, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად იყვნენ კომუნიკაციაში საქართველოს საელჩოებთან და გაიარონ რეგისტრაცია საელჩოებში, რათა გვქონდეს სურათი და ციფრი, რამდენ მოქალაქეს სჭირდება სახელმწიფოს დახმარება. ამ წუთის მონაცემებით, ასეთი არის დაახლოებით საქართველოს 170-180 მოქალაქე, რომლებიც იმყოფებიან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. დიდი იმედი გვაქვს, უახლოეს საათებში კონკრეტული გადაწყვეტილება გვექნება შემდეგ რეისთან მიმართებით“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.