კახა კალაძე: წარმოუდგენელია, ოპოზიციის ერთი მხარე დამხობით ემუქრება ხალხს, მეორე კი გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამსახურების მუშაობის გაჩერებას აპირებს

კახა კალაძე

წარმოუდგენელია, ოპოზიციის ერთი მხარე დამხობით ემუქრება ხალხს, მეორე კი გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამსახურების მუშაობის გაჩერებას აპირებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ კომენტარი გააკეთა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ განცხადებაზე თვითმმართველობის არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ.

თბილისის მერის განმარტებით, ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების ადგილი საქართველოში არც ახლა და არც მომავალში არ იქნება.

„ოპოზიცია ორად არის გახლეჩილი. ერთი მხარე დამხობით ემუქრება ქართველ ხალხს, მეორე კი ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მუშაობას გააჩერებს. დღევანდელ რეალობაში და მომავალ საქართველოში ძალადობრივი ჯგუფების ადგილი არ არის, არც პოლიტიკაში და არც ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.