1753194847
კახა კალაძე: განცხადებებსა და რიტორიკას, რაც არის საქართველოსთან მიმართებით, ერთი მიზანი აქვს - როგორმე შეცვალონ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც იცავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესებს

განცხადებებსა და რიტორიკას, რაც არის საქართველოსთან მიმართებით, ერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს - როგორმე შეცვალონ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც იცავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროკომისიის წერილში დაყენებულ მოთხოვნებზე საუბრისას.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ევროპელი ბიუროკრატები თვეების წინ უარყოფდნენ საქართველოს მხრიდან სანქციების მოთხოვნის დაყენებას, თუმცა, მოგვიანებით ეს საკითხი რეზოლუციაში აისახა.
მმართველი პარტიის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ საქართველოსთან მიმართებაში სახეზეა ორმაგი სტანდარტი.
„კატეგორიულად უარყოფდნენ რამდენიმე თვის წინ, სანქციებთან დაკავშირებით ვინ გააკეთა საერთოდ განცხადება, ხელისუფლება იგონებს რაღაცებს და ტყუილიაო. გავიდა რამდენიმე თვე და პირდაპირ რეზოლუციაში ჩაგვიწერეს, რომ საქართველოს ხელისუფლება თურმე, არის ცუდი, რადგან არ შეუერთდა სანქციებს. რეზოლუციაში ჩაგვიწერეს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ევროპული მომავალი, დემოკრატიის შუქურა.
ეს ორმაგი სტანდარტები ყველაფერში იკვეთება - რაც მათთვის მისაღებია და დაშვებულია, ჩვენთვის არ შეიძლება. ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ კანონი უკვე ათეული წლებია, მოქმედებს და მაგ კანონის მეშვეობით მივიღეთ ზუსტად ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ვიღაცებს ფულს უხდიან კონკრეტულ კონგრესმენებს, რომ საქართველოს შავი ლაქა მოსცხონ. და ყოველთვის ვისმენდით განცხადებებს, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით საქართველოსთან მიმართებაში.
შესაბამისად, განცხადებებსა და რიტორიკას, რაც არის საქართველოსთან მიმართებით, ერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს - როგორმე შეცვალონ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც იცავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.