1750246026
კახა კალაძე: ეს ქალაქი ყველასია, იქნება ეს ავტომობილის მქონე თუ ქვეითი - ამისთვის წლების შემდეგ მომავალი თაობა გვეტყვის მადლობას

თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები წარუდგინა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე კახა კალაძემ ისაუბრა ავარიული სახლების ჩანაცვლების ინოვაციურ პროგრამაზე, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდა.
„დედაქალაქში ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობაა. ჩატარებული მოკვლევის მიხედვით, 10 000-მდე ასეთი საცხოვრებელი კორპუსია, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. ეს პროგრამა გვაძლევს საშუალებას, ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ ავარიული სახლები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ურბანული განვითარების პოლიტიკის მეორე მიმართულება დაუმთავრებელი მშენებლობებია. მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში კი, 12 000 ოჯახი დაკმაყოფილდა.
„მეორე მიმართულებაა დაუმთავრებელი მშენებლობები. ამ მიმართულებით მუშაობა როდესაც დავიწყეთ 12 000-მდე ოჯახი დაფიქსირდა ანალოგიური პრობლემის მქონე. ესენი იყვნენ სამშენებლო კომპანია „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის, „ცენტ პოინტის“ და ა.შ. მიერ დაზარალებულები. ჩვენ ხელი მოვკიდეთ ამ პრობლემას და 12 000 ოჯახი გავაბედნიერეთ. ბევრს გადაეცა საცხოვრებელი სახლები, ნაწილი სამშენებლო ეტაპზეა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟსა და მათ ნაცვლად, რეკრეაციული სივრცეების მოწყობაზეც.
„ალბათ ყველას შეგვხვედრია ჩვენს უბნებში უსახური ავტოფარეხები, რომლებიც 90-იანი წლების გადმონაშთია. დავიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა - მოსახლეობის ჩართულობით, მსგავსი ავტოფარეხების აღება. ამაში მოსახლეობა არცერთ თეთრს არ იხდის და ყველაფერს მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე. ჩვენ ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ და უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, სტადიონები, რეკრეაციული სივრცეები, სკვერები მოვაწყვეთ. წინა ხელისუფლების დროს სპორტულ მოედნებს, პარკებს ასხვისებდნენ იმისთვის, რომ იქ მშენებლობები დაწყებულიყო. ცხადია, ჩვენ მშენებლობების წინააღმდეგი არ ვართ და ქალაქის სწორი ურბანული განვითარება პრინციპულად მნიშვნელოვანია, თუმცა, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ამას არ დავუშვებთ. დღეს, სამწუხაროდ, ძალიან ძვირი გვიჯდება მსგავსი სივრცეების გამოსყიდვა, რომელსაც შემდეგ თბილისს და თბილისელებს ვუბრუნებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაზეც ისაუბრა, რომელიც დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში დაინერგა.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა უბანში იყოს საათობრივი პარკირება. განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს, რომ საცხოვრებელ კორპუსთან გააჩერონ ავტომობილი. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც არეგისტრირებენ თავიან ავტომობილებს, რა თქმა უნდა, პარკინგი უფასოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ელექტროდამტენებზე საუბრისას თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან არის ხელშეწყობა, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს დედაქალაქში.
„ჩვენ ვახალისებთ ელექტრომობილებს დედაქალაქში და გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, განბაჟების გადასახადი ელექტრომობილებზე ნულია და პარკირებაც ქალაქში არის უფასო. არის კონკრეტული 100 ლოკაცია, სადაც უფასოა ელექტრომობილების დამუხტვა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის ტაქსების რეფორმაზე საუბრისას, მერმა აღნიშნა, რომ სამი ეტაპი უკვე განხორციელდა და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც გრძელდება. შესაბამისად, საზოგადოება იქნება დეტალურად ინფორმირებული.
„მულტიმოდალური ქუჩებისადმი თავიდან სკეპტიკური დამოკიდებულება იყო. პირველი კითხვა, რაც როგორც დედაქალაქის მერს დამისვეს, ეს იყო ამ გადაწყვეტილებებში ხომ არ იქნებოდა პოლიტიკური მდგენელი გათვალისწინებული. ასეთი სიახლისადმი ყოველთვის ჩნდებიან უკმაყოფილო ადამიანები და პოლიტიკოსები ყოველთვის ყოყმანობენ პროექტის ბოლომდე მიყვანაზე. ჩემი პასუხი იყო: თუ ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სწორ პოზიციას დავიჭერდით და ეს ასეც მოხდა. ეს ქალაქი ყველასია, იქნება ეს ავტომობილის მქონე თუ ქვეითი. ამისთვის წლების შემდეგ მომავალი თაობა გვეტყვის მადლობას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
საუბრის დასასრულს კახა კალაძემ თბილისის ყოფილ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.