კახა კალაძე: ჩვენ საკუთარი ქვეყნის მაგალითზე დავრწმუნდით და ვიგრძენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შენარჩუნდეს გრძელვადიანი მშვიდობა

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოს, ისე, როგორც არასდროს, გრძელვადიანი მშვიდობა სჭირდება, რადგან მის გარეშე ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ცდილობს, მშვიდობას მიაღწიოს და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დასრულდეს.

„რა თქმა უნდა, არსებობს ომში ჩართვის საფრთხე, სანამ არ დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი. ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა არავის მივცეთ შესაძლებლობა, ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი დიდი ინტერესებისთვის. ევროპის რა მოგახსენოთ, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილად ცდილობს, მიაღწიოს მშვიდობას. მათი მთავარი გზავნილიც ზუსტად „მშვიდობის ძიებაში“ იყო. გარდა იმ რადიკალებისა და აკაცუკებისა, რომლებიც საქართველოში არიან წარმოდგენილი, ყველანი ვთანხმდები, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მე მაინც ისევ ჩემს ქვეყანაზე ვისაუბრებ: დღეს საქართველოს, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, რადგან ამ ყველაფერს მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება და ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. უკვე მთელ მსოფლიოშიც ადამიანების უმრავლესობა, პოლიტიკოსები ხედავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის მიღწევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, არსებობენ დიდი ქვეყნები, რომელთაც აქვთ თავიანთი ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ქართველმა ხალხმა საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას.

„მე გამოვდივარ იქიდან, თუ რა გზავნილები კეთდება აშშ-სგან და პრეზიდენტი ტრამპისგან; რა გზავნილები ჟღერდება ევროპის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლისგან. მემგონი ყველა ხედავს, განსაკუთრებით საქართველოში, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა იმ პრინციპულ პოზიციას, რომ ჩვენ მშვიდობა, სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა მაშინ, როდესაც ტელევიზიების საშუალებებით პირდაპირ კეთდებოდა მოწოდებები, გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს, ისეთ პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ დღესო. ყველა დარწმუნდა, რომ მშვიდობას და სიმშვიდეს არ აქვს ალტერნატივა. არსებობენ დიდი ქვეყნები, რომელთაც აქვთ თავიანთი ინტერესები თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში. ამერიკას, რუსეთს, ყველას აქვს თავისი ინტერესი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე, რადგან არც ამერიკელი, არც ევროპელი და არც რუსი მოვა ჩვენი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. შეფარული „მესიჯები“, რომელთაც ვისმენთ, რომ თურმე გაგიჟებულები არიან, ისე უყვართ საქართველო და ისე ზრუნავენ მის მომავალზე, ამ დროს კი კაბინეტებში გვემუქრებოდნენ, ომი დაგვეწყო და სანქციებს მივერთებოდით, ეს არის რეალობა და რეალობა უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ უკრაინას მშვიდობა უსურვა და განაცხადა, რომ ყველაზე მთავარი დღეს ომის დასრულებაა.

„უკრაინას ვუსურვებ მშვიდობას და სიმშვიდეს. დღეს ყველაზე მთავარია, მოხდეს სამშვიდობო შეთანხმება და დასრულდეს ომი, იმიტომ, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ დავრწმუნდით საკუთარი ქვეყნის მაგალითზე და ვიგრძენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შენარჩუნდეს გრძელვადიანი მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.