კახა კალაძე - აქციებზე პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, ეს დემოკრატიულ პროცესად წარმოეჩინა

კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, თბილისში გამართულ აქციებზე  მომიტინგეები პოლიციელებს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და მძიმე საგნებს, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, ეს დემოკრატიულ პროცესად წარმოეჩინა.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საფრანგეთში აქციის დაშლის თემაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ასე ხდება აქციების დაშლა. საუბარია არა მხოლოდ საფრანგეთზე, ასეა ზოგადად ევროპის ქვეყნებში. ეს დამოკიდებულებაა ზოგადად. როდესაც შენ ატარებ აქციას, მისი ჩატარების უფლება, როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ქვეყნებში, აქვს ნებისმიერ მოქალაქეს. მოქალაქეებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც აქციით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, რაც გაწერილია კონსტიტუციით, კანონმდებლობით. როგორც კი შენ გადადიხარ კანონის ჩარჩოებს, რა თქმა უნდა, პოლიცია მოქმედებს კანონის შესაბამისად. ძალიან მარტივია. იმ თემის ირგვლივ, რაც საქართველოში ხდებოდა, პოლიტიკური სპეკულაციები იყო. იყო ფიზიკური  შეურაცხყოფა პოლიციელების მიმართ, „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და მძიმე საგნებს ესროდნენ, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, რომ ეს წარმოეჩინა, თითქოს დემოკრატიული პროცესები იყო. მოსამართლეებს კვერცხებს ესროდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია. ორმაგი სტანდარტია: როგორც უნდათ, ისე ათამაშებენ მუსიკას. თუ რამე აწყობთ, მაშინ სხვა მესიჯებს გააჟღერებენ, თუ რამე საწინააღმდეგო იქნება, ამ შემთხვევაში იტყვიან, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.