კახა ბექაური: 10 წლის წინ სახლის ინტერნეტს ოჯახების 42% იყენებდა, დღეს კი 97% მოიხმარს

კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, ტელეიმედის ეთერში ComCom-ის ბოლო 10 წლის საქმიანობა შეაჯამა, რომლის ფარგლებშიც, სექტორის განვითარების მიმართულებით ძირითადი შედეგები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ სტატისტიკა ნათლად აჩვენებს მასშტაბურ პროგრესს როგორც ფიქსირებული, ისე მობილური ინტერნეტის მიმართულებით.

წამყვანის კითხვაზე, თუ სად იყო საქართველო ტელეკომ სექტორის განვითარების კუთხით ათი წლის წინ და სად არის დღეს, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულის მონაცემები მკაფიოდ ასახავს სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს: „ათი წლის წინ ფიქსირებული ინტერნეტით ოჯახების მხოლოდ 42% სარგებლობდა, დღეს კი ამ სერვისით ოჯახების 97% სარგებლობს.“ - აღნიშნა მან. ComCom-ის თავმჯდომარემ ყურადღება ასევე გაამახვილა მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაზეც და ხაზი გაუსვა, რომ მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 10 წლის წინ 1.8 მილიონი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 4.6 მილიონია. კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ დღეს საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა, რაც, მისი შეფასებით, ტელეკომ სექტორის პროგრესის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია.

ეთერში საუბრისას კახა ბექაურმა ყურადღება სექტორის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც გაამახვილა: „ტელეკომ სექტორში ბოლო ათ წელიწადში 66,5%-ით გაზრდილი შემოსავლები. ბოლო მონაცემებით, ტელეკომ ოპერატორების შემოსავალი 1.787 მილიარდი ლარი იყო. ხოლო, რაც შეეხება მაუწყებლების შემოსავლებს, აქაც მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს, მათი შემოსავლები ბოლო ათ წელიწადში 45%-ით გაიზარდა და 150.8 მილიონი ლარი შეადგინა.“ - განაცხადა ComCom-ის თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, კახა ბექაურმა ტექნოლოგიურ პროგრესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიისა და კომპანიების ერთობლივი ძალისხმევით, ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ორჯერ დაინერგა ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგიები - 4G და 5G. ამასთან, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ComCom-ის მიდგომის საფუძველზე, ამავე პერიოდში საქართველოში Starlink-ის მაღალსიჩქარიანი თანამგზავრული ინტერნეტიც შემოვიდა. კომკომის თავმჯდომარემ ასევე სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტსა და ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის შესახებ ისაუბრა.

ComCom-ის თავმჯდომარემ, მაუწყებლის ეთერში კომისიის მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკაც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ComCom-მა მომხმარებლებისთვის არაერთი ინსტრუმენტი შექმნა, რათა გაუმარტივდეთ ინტერნეტის მოხმარება. მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი პლატფორმა sheamotsme.ge-ია, რომელიც მომხმარებელს 24-საათიან რეჟიმში უკვე წლებია აძლევს შესაძლებლობას შეამოწმოს ინტერნეტის ხარისხი და პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინონ რეაგირება.

ამასთან ერთად, კახა ბექაურმა ComCom-ის ახალ პროექტზეც გაამახვილა ყურადღება: „კომისიამ შექმნა ახალი პლატფორმა wifi.comcom.ge, რომელიც მომხმარებელს ეხმარება შეამოწმოს Wi-Fi-ის სიჩქარე და თავად მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება“, - განაცხადა ComCom-ის თავმჯდომარემ.