ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

კომიტეტი

 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად..

კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ წარადგინა.

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სისხლის დაწესებულებათა სისტემაში სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ერთი ცენტრალური სისხლის დაწესებულებით, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით სრულად უნდა უზრუნველყოს რეციპიენტებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის მაღალი სტანდარტის სისხლისა და მისი კომპონენტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა, სისხლსა და მის კომპონენტებზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებზე ქვეყნის მოთხოვნილების განსაზღვრა და მის დასაკმაყოფილებლად უსაფრთხო/სტრატეგიული მარაგების შექმნა და მართვა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, 2022 წელს მიღებული კანონის თანახმად, სახელმწიფოს უნდა დაეფუძნებინა ცენტრალური სისხლის დაწესებულება და სწორედ ამ მოდელით უნდა გაგრძელებულიყო სისხლის დაწესებულებების ფუნქციონირება, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს კანონი პირდაპირ პასუხს არ იძლევა საკითხზე, თუ რა ბედი ეწევა ამ დრომდე მოქმედ სისხლის იმ 23 დაწესებულებას, რომლებიც ჩვეულებრივ ფლობენ საწარმო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიას და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ოპერირებენ.

„იმის გათვალისწინებით, რომ ახლადშექმნილი ცენტრალური სისხლის დაწესებულება ფუნქციონერების სასტარტო ეტაპზეა და მას არ აქვს ის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა, ასევე არ ჰყავს პერსონალის ის ოდენობა, რომლის მეშვეობითაც შეძლებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით სისხლის მარაგების მართვას, საჭირო ოდენობის სისხლითა და მისი კომპონენტებით ქვეყნის უზრუნველყოფას, ამიტომ, აუცილებელია, საშუალება მივცეთ, რომ დანარჩენმა დაწესებულებებმა ფუნქციონირება გააგრძელონ“, - განაცხადა ირინა წაქაძემ.

კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის 1 აპრილისთვის მოქმედი სისხლის დაწესებულებები მომავალშიც შეძლებენ ფუნქციონირების გაგრძელებას. თუმცა, როგორც მომხსენებელმა განმარტა, ისინი ვალდებული იქნებიან ეტაპობრივად, ზედმიწევნით დააკმაყოფილონ ახალი კანონმდებლობის და ახალი სალიცენზიო პირობები.

სტაციონალური დაწესებულებების სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებიც სისხლის დაწესებულების ფუნქციას ასრულებდნენ, 2026 წლის 1 ივნისამდე მიეცემათ ვადა, რათა სტაციონალურ დაწესებულებას გამოეყონ და დარეგისტრირდნენ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად, აიღონ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია და ამგვარად განახორციელონ ოპერირება.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2026 წლის 1 აპრილიდან ახალ სუბიექტებზე საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია აღარ გაიცემა.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მოქმედი კანონის შესაბამისად, 1 აპრილიდან უანგარო დონაციის პრინციპი უნდა ამოქმედდეს, რისთვისაც ქვეყანა მზად არ არის, რადგან  უანგარო დონაციის წილი 45-50%-მდეა, დანარჩენი კი ისევ ფასიანი და ნათესაური დონაციაა. მისი თქმით, თუ კანონი 2022 წელს მიღებული ნორმებით ამოქმედდება, მაშინ შესაძლოა, ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებას შეექმნას საფრთხე.

შესაბამისად, მთავრობის შეთავაზებაა, დონაციის პრინციპებზე გადასვლა მოხდეს ეტაპობრივად - 2030 წლის 1 აპრილამდე, რათა შესაძლებელი გახდეს 100%-იანი შედეგის მიღწევა.

ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონშიც, რომელიც

ცენტრალური სისხლის დაწესებულების გათავისუფლებას გულისხმობს საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური ლიცენზიის და სისხლის პლაზმის ექსპორტის ლიცენზიის აღებისგან.

„2030 წლამდე გარდამავალი პერიოდის დაწესება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სრულად გადავიდეთ უანგარო დონაციაზე. მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. საკანონმდებლო ორგანოში წელიწადში 2-ჯერ ვატარებთ უანგარო დონაციის აქციას, რითაც მაგალითს ვაძლევთ ჩვენს თანამემემულეებს. უანგარო დონაცია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის მიერ პირველი მოსმენისთვის წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს.