მყრალი ''სიურპრიზი'' - რატომ მალავენ ხელოსნები რემონტის დროს დამკვეთის სახლის კედელში უმ კვერცხს
1752003071
"ქართულ ოცნებაში" გამოეხმაურნენ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გეგმას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ამომრჩევლის დარწმუნებას იმაში, რომ არჩევნებზე არ გამოცხადდნენ.
მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ყველაზე რადიკალურ ნაბიჯზე წასვლა - დემოკრატიული პროცესისთვის ხელის შეშლა გადაწყვიტეს.
"ექსტრემიზმი ზუსტადაც რომ ჯდება იმ წინასწარ განცდებში და შეგრძნებებში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ და ამ წლის ბოლოსთვის, როდესაც ჩვენ, ალბათ, დავაინიციირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ ანტიქართული პარტიის აკრძალვას, ისინი უკვე წინათგრძნობით ხვდებიან, რომ ყველაზე რადიკალურ ნაბიჯზე უნდა წავიდნენ და ეს არის დემოკრატიული პროცესის ხელშეშლა," - აცხადებს წილოსანი.
"ქართული ოცნების" წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან რადიკალიზმის მცდელობა ახალი არ არის. მისივე შეფასებით, არჩევნების ჩაშლა არ გამოუვათ.
"ისინი 2004 წლიდან უშლიან ხელს არჩევნების ჩატარებას საქართველოში, მათ შორის, როცა თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინაც ხელს უშლიდნენ ნორმალური არჩევნების ჩატარებას და, სხვათა შორის, ეს არაერთხელ აქვს დაფიქსირებული ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას. ამ შემთხვევაში, ისინი ვერანაირად ხელს ვერ შეუშლიან ამ არჩევნების ჩატარებას და თუ შეუშლიან და კანონს დაარღვევენ, სახელმწიფო მათ შესაბამის პასუხს გასცემს," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.