ირაკლი შატაკიშვილი: იმედს გამოვთქვამთ, რომ გაირკვევა ეს საკითხი და საქმე გექნება ტექნიკურ ხარვეზთან და არა იმ პოლიტიკურ დემარშთან, რომლითაც შეიძლება მათ მცდელობა ჰქონდეთ, რომ ქართველების და გერმანელების ურთიერთობას ჩრდილი მიაყენონ

ირაკლი შატაკიშვილი

ჩვენ გვაქვს ევრო ბიუროკრატების მიერ წარმოებულ იმ დიდ კამპანიასთან საქმე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს სწორედ ეს ქმედება და რომლის ნაწილი არის საქართველოში გერმანიის ელჩი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის დაკნინების საშუალება არავის ექნება.

„ჩვენ გერმანელ ხალხს რა თქმა უნდა პატივს ვცემთ, თუმცა ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი დააკნინოს. იმედს გამოვთქვამთ, რომ გაირკვევა ეს საკითხი და საქმე გექნება ტექნიკურ ხარვეზთან და არა იმ პოლიტიკურ დემარშთან, რომლითაც შეიძლება მათ მცდელობა ჰქონდეთ, რომ ქართველი ხალხის და გერმანელების ამ 200 წლიან ურთიერთობას ჩრდილი მიაყენონ“, - აღნიშნა ირაკლი შატაკიშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.

ტელეკომპანია „იმედმა“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვით, თუ რატომ არ არის თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემები განახლებული.