ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

 ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თურქმენეთი ქალაქ ავაზაში მასპინძლობს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 5  აგვისტოს, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე. ირაკლი კობახიძე  აქცენტს გააკეთებს საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის როლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის, თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს.

ირაკლი კობახიძე სამიტზე დასასწრებად დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.