სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1764101062
Eagle Hills-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი აქვს, რადგან ეს არის პარტნიორი კომპანიის წმინდა კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან და ეს არის მიღებული პრაქტიკა. ეს პრაქტიკა, ერთი მხრივ, ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას და მეორე მხრივ – საერთაშორისო პრაქტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული ათი წლის განმავლობაში, კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა საქართველოს მთავრობის მიერ მხოლოდ ეკონომიკის სფეროში გაფორმებულ 1 554 ხელშეკრულებას, მათ შორის არის ანაკლიის ხელშეკრულება.
„სწორედ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ითხოვდნენ ანაკლიის შესახებ ხელშეკრულების გასაიდუმლოებას, დღეს იწუნებენ იმ ფაქტს, რომ არ არის გასაჯაროებული კომპანია Eagle Hills-სთან დადებული ხელშეკრულება. მარტო ეკონომიკის სფეროში გვაქვს 1 554 ხელშეკრულება, რომელსაც მიენიჭა კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ასევე, ჯანდაცვის სფეროში შეგვიძლია, ავიღოთ ხელშეკრულებები, კომერციული შინაარსის ხელშეკრულებები, რომლებიც გაფორმდა 2020 წელს კოვიდის დროს, ათივე ხელშეკრულება, რომელიც არის დადებული კომპანია „ფაიზერთან“, „სინოფარმთან“, „სინოვაკთან“, არის კომერციული საიდუმლოების სტატუსის ქვეშ, რაც არის მიღებული პრაქტიკა. ამ პრაქტიკას აქვს თავისი მიზეზი, საფუძველი, მთავარი მიზეზი არის კომპანიის კომერციული ინტერესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა განმარტა, რომ გასაიდუმლოებულია მხოლოდ ხელშეკრულების დეტალები, ხოლო ძირითადი არსი და ყველა ძირითადი პუნქტი ცნობილია.
„რაც შეეხება ხელშეკრულების ძირითად თემებს, საზოგადოებას აქვს უკვე სრული ინფორმაცია. საზოგადოებამ სრულად იცის, ვინ არიან ხელშეკრულების მხარეები. არის ორი მხარე. რამდენია სახელმწიფოს წილი ერთობლივ კომპანიაში. მიწის რომელ ნაკვეთებზე არის გათვალისწინებული პროექტის განხორციელება. რამდენია პროექტის ფარგლებში ასაშენებელი ფართების მოცულობა, რამდენია კომპანიის მიერ დაგეგმილი მოგება, რა წვლილს შეიტანს პროექტი საქართველოს ეკონომიკაში, რა თანხა შევა ბიუჯეტში პროექტის განხორციელების შედეგად, გადასახადების თუ დივიდენდის სახით. რამდენი დროებითი თუ მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის განხორციელების შედეგად. ყველა ეს დეტალი არის საზოგადოებისთვის ცნობილი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გავაცანით სრული ინფორმაცია საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.