ირაკლი ფავლენიშვილი: ყოველთვის ვამბობდით, რომ გახარია დამნაშავეა, ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, არათუ თანამდებობიდან წასულიყო, მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო

ირაკლი ფავლენიშვილი

ყოველთვის ვამბობდით, რომ გახარია დამნაშავეა, ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, ეს ადამიანი არათუ წასულიყო თანამდებობიდან, მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძნა ივანიშვილის არ აინტერესებს, მისი გუნდის წევრების რენომე, თავისუფლებაზე იქნებიან თუ არა.

„მაგალითად, არის კორუფცია, რომელიც 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო, დააბრალებ ღარიბაშვილს; არის ადამიანის უფლებების დარღვევა – დააბრალებ გახარიას. ეს ხალხი არა მხოლოდ ამართლებდა, თუთქოს შტურმი იყო და ვიღაცა ხელისუფლების ცვლილებას ცდილობდა ან გეგმავდა. მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი მაშინ ამბობდნენ, რომ პროპორციული ძალა იყო გამოყენებული, რომ ჰყავდათ სუპერძალოვანი მინისტრი. პოლიტიკური ლიდერი ხარ, შენი ერთ-ერთი ლიდერი ატარებს სპეცოპერაციას და ადამიანებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს, იძახი, ყველაფერი პროპორციული და სწორი იყოო. იმის შემდეგ კი, რაც გახარია გუნდიდან მოკვეთეს, კლანურ ბრძოლაში დამარცხდა, დამნაშავე გახდა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, გიორგი გახარია დამნაშავეა.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ გახარია დამნაშავეა. ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, ეს ადამიანი არათუ წასულიყო თანამდებობიდან, არამედ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო. ახლა მივიღეთ არალეგიტიმური პარლამენტი, სადაც ეს ორი მხარე ზის. ერთი – დამნაშავის გარემოცვის წარმომადგენლები, რომლებიც „ოცნების“ ლეგიტიმაციას ცდილობენ და არ გამოსდით და „ოცნება“. ევროპული სტანდარტია, როდესაც ადამიანი მშვიდობიანი დემონსტრანტია და მისი ჯანმრთელობა არ უნდა დაზიანდეს, ეს სტანდარტი იქნა დარღვეული. იმავე ფაქტები მოხდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ახლა როგორც გახარიას გუნდი ცდილობს, ამ სისხლიანი დარბევის ლეგიტიმაცია მოახდინოს, იმავენაირად კობახიძე იძახის, ნოემბერ-დეკემბერში დარბევა არ ყოფილაო“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით პოლიციის მიერ პარლამენტის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლას ეხება. 24 მომჩივანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა/ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობა). 14 მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (გამოხატვის თავისუფლება). ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ 11 მომჩივანის მიმართ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება).

ცნობისთვის, საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ საქართველოს პროკურატურამ ორ საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.