ირაკლი ფავლენიშვილი - წულუკიანის კომისიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება საერთაშორისო არენაზე

ირაკლი ფავლენიშვილი

წულუკიანის კომისიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, გაერო-ს ტრიბუნაზე საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ წულუკიანის კომისიის საქმიანობა იქნა გამოყენებული.

„წულუკიანის შექმნილი კომისიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება საერთაშორისო არენაზე. ამის მკაფიო გამოხატულება ვიხილეთ, როდესაც გაერო-ს ტრიბუნაზე გამოყენებული იქნა სწორედ ამ ე.წ. კომისიის საქმიანობა და ივანიშვილის გუნდის განცხადებები ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ეს მიუთითებს იმ მოღალატეობრივ ბუნებაზე, რომელიც აქვს ივანიშვილის რეჟიმს; ასევე მიუთითებს აუცილებლობას, რომ ამ სისტემის დემონტაჟი მოვახდინოთ, რადგან ეს რეჟიმი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.