ირაკლი ფავლენიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში არის და უნდა იყოს, ასეთია მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც, ვაგრძელებთ ჩვეულებრივ საქმიანობას

ირაკლი ფავლენიშვილი

ჩვენ ალიანსში ვართ, რადგან გვაქვს კონკრეტული მიზეზი, ეს პარტიები არიან პროტესტში და თანამშრომლობის ფორმატი არის უკეთესი, ვიდრე მსგავსი ფორმატის არარსებობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

„ოპოზიციის ალიანსის“ მიერ რეგიონში გამართულ ღონისძიებებზე საუბრისას ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ მონაწილეობა არ მიუღია, რადგან სხვა კამპანია ჰქონდა.

„ისეთი ტიპის შეხვედრები ჩატარდა, რომელზეც მე დიდად ინფორმაციას არ ვფლობ. იმ პერიოდში, როცა ეს შეხვედრა ჩატარდა, ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გვქონდა სამი ნაბიჯის კამპანია, ამაზე ვიყავით ორიენტირებული, ამიტომ არ ვიცი, იქ რა ხდებოდა. რაც შეეხება მომავალში შეხვედრებს, გაიმართება უფრო მეტად სახალხო შეხვედრები, სადაც მსგავსი პრობლემები არ იქნება.

არ ვიცი ეს პრობლემა რამდენად იყო. პოტენციურად ვამბობ, რომ რადგან დარბაზში ტარდებოდა, შეიძლება იყო დასწრების პრობლემა. ამის შემდეგ იქნება უფრო სახალხო ხასიათის შეხვედრები, კამპანია. ამიტომაც, მსგავსი ტიპის პრობლემა ბუნებაში არ იქნება. ეს შეხვედრები იყო ამ ფორმატით ჩატარებული, თუმცა დარბაზის გარეთ ხალხთან შეხვედრები ისედაც იყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიუღია მონაწილეობა ამ კონკრეტულ აქტივობებში, ამიტომაც არ ვფლობ ამ ინფორმაციას“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

„ოპოზიციის ალიანსში“ არსებული დაპირისპირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში რჩება და საქმიანობას აგრძელებს.

„„ნაციონალურ მოძრაობა“ არის ალიანსში და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულებრივი საქმიანობას. მათ შორის გუშინაც, მაგალითად, სამუშაო შეხვედრაზე ვიყავით და მომავალშიც ვაპირებთ რომ მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის იმ ალიანსში, რომელიც შედგება პროტესტში ჩართული ძალებისგან. შეიძლება, ბევრ რამეზე სხვადასხვა აზრი გვქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე პარტია არ არის პროტესტში. ეს თანამშრომლობის ფორმატია და ვიქნებით მომავალშიც.

ჩვენ ალიანსში ვართ, უნდა ვიყოთ, მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც ასეთია, რადგან გვაქვს კონკრეტული მიზეზი. ეს პარტიები არიან პროტესტში და თანამშრომლობის ფორმატი არის უკეთესი, ვიდრე მსგავსი ფორმატის არარსებობა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.