ირაკლი ფავლენიშვილი: ევროპულ ქვეყნებში შეიძლება ბევრ რამეზე შეთანხმდნენ, მათ შორის რეესტრზე, მაგრამ არ თანხმდებიან, რომ კრიტიკულად განწყობილი ყველა ორგანიზაცია განადგურდეს

ირაკლი ფავლენიშვილი

ევროპულ ქვეყნებში შეიძლება ბევრ რამეზე შეთანხმდნენ, მათ შორის რეესტრზე და ასე შემდეგ, მაგრამ იქ არ თანხმდებიან, რომ კრიტიკულად განწყობილი ყველა ორგანიზაცია განადგურდეს და გაუქმდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს, „ჩეხეთში შეთანხმდნენ ახალ სამთავრობო პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცების რეესტრის შექმნას. როგორ შეაფასებთ ამას?“

„პრინციპული, ფუნდამენტური განსხვავება არსებობს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს, დასავლურ სახელმწიფოებს შორის. დასავლეთში კრიტიკული ორგანიზაციები, ერთი წლის მანძილზე არ რჩებიან შემოსავლის გარეშე და არ არის მიღებული რეპრესიული კანონები, რომლებიც მათ უბრალოდ სუნთქვასაც კი უკრძალავს. ამიტომაც, არანაირი მსგავსება არ არსებობს საქართველოში შექმნილ და სხვა ქვეყნებში შექმნილ ვითარებებს შორის“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, „ეს ინიციატივა თქვენთვის რუსული არ არის?“, ფავლენიშვილმა აღნიშნა:

„რატომ უნდა იყოს რუსული? რაღაც რეესტრის შექმნა თავისთავად რუსული არ არის. ქართველ ხალხს აქვს სიბრძნე და ტყუილად არ უწოდებს რაღაც კანონს რუსულ კანონს. ამ კანონს რუსულს იმიტომ უწოდებენ, რომ, საბოლოო ჯამში, რუსეთის სტრატეგიულ მიზანს ემსახურება და კოპირებას წარმოადგენს იმ კანონების, რომლის წყალობითაც რუსეთმა მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები მოახრჩო საკუთარ ქვეყანაში. ამაზე არის ხოლმე საუბარი“.