ირაკლი ფავლენიშვილი: ერთიანობა ვერ გამოვა ისეთ ხალხთან, რომელიც წინააღმდეგობაში არ რჩება და არ უერთდება პროტესტს, მათ შორის არ უერთდება 28 ნოემბრის აქციას

ირაკლი ფავლენიშვილი

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ერთი წელი გავიდა იმის შემდგომ, რაც აბსოლუტურად სხვა ფაზაში გადავიდა ქართველი ხალხის ბრძოლა ტირანიის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს ქვეყანას, საერთაშორისო საზოგადოებას, მსოფლიოს, რომ პროტესტი გრძელდება გამარჯვებამდე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, აქცია, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე იმართება, უპრეცედენტოა.

„ეს არის უპრეცედენტო, უწყვეტი პროტესტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ უპრეცედენტო იყო, მათ შორის რეპრესიები, რომელიც განხორციელდა ამ წლის მანძილზე, ხალხი მაინც არ გატყდა, აგრძელებს პროტესტს. რუსთაველის გამზირზე, ყოველ დღე, ათასობით ადამიანი იკრიბება. რა თქმა უნდა, დღეს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენი ბრძოლა იქნება იქამდე, ვიდრე ქვეყანაში არ გაირკვევა, ცივილიზაციურად ჩვენ ვართ დასავლეთი თუ აღმოსავლეთი. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ ვართ დასავლეთი, გაირკვევა, რომ დემოკრატიაში გვინდა ცხოვრება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამასთან, ფავლენიშვილის განცხადებით, ერთიანობა ვერ გამოვა ისეთ ხალხთან, რომელიც წინააღმდეგობაში არ რჩება და პროტესტს არ უერთდება, მათ შორის არ უერთდება 28 ნოემბრის აქციას.

„ასეთ ადამიანებთან რა ერთობაზე უნდა იყოს საუბარი, ეს წარმოუდგენელია. ის ძალები, რომლებიც რჩებიან წინააღმდეგობაში, გინდა თუ არა, ჩვენ გვაქვს ერთი მდგომარეობა, როცა ვართ წინააღმდეგობაში, ვაგრძელებთ ქუჩის პროტესტს, ასეთ დროს კოორდინაციას. ერთად დგომას ალტერნატივა არ აქვს, თორემ რაღაც ერთ ბრძოლაში გაწევრიანებას ისედაც აზრი არ აქვს, ვიდრე ქვეყანაში არ არის საარჩევნო პროცესი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.