1692302192
გვქონდა შესაძლებლობა, პირველად მას შემდეგ, რაც ნაურუმ გააუქმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, შევხვედროდი ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს, შედგა გაცნობითი ხასიათის საუბარი - შალვა პაპუაშვილი
ტანზანიაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ნაურუმ გააუქმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, შეხვედრა შედგა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარესთან და გაიმართა გაცნობითი ხასიათის საუბარი.
როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ქართული მხარე მოელის, რომ არაღიარების პოლიტიკა თავის შედეგების მოტანას გააგრძელებს და საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან აქტიურად, რომ სირია და ვენესუელამაც გააუქმონ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
"ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, რომ პირველად მას შემდეგ, რაც ნაურუმ გააუქმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, შევხვედროდი ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს და გვქონოდა გაცნობითი ხასიათის საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, რომ არაღიარების პოლიტიკა თავის შედეგების მოტანას გააგრძელებს, რიგში ახლა სირია და ვენესუელა არის და საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან აქტიურად, რომ ამ ქვეყნებმაც გააუქმონ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
თავისთავად, ეს გვაძლევს საშუალებას და ჩვენს კოლეგებს, რომლებთანაც სხვა მხრივ რთული არის გვქონდეს პირდაპირი კავშირი, სწორედ ამ ასამბლეის გამოყენებით გვქონდეს ორმხრივი შეხვედრები, ვესაუბროთ არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემატიკა, ეს შეეხება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც თუ დაირღვევა პლანეტის ერთ წერტილში, ის შემდეგ უკვე ადვილად მიაღწევს მეორე წერტილში. ასე რომ, ეს ყველას ეხება, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეხება თითოეულ ქვეყანას, რომ თუკი საქართველოს შემთხვევაში პატივისცემა არ იქნება საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, მაშინ სხვა შემთხვევებშიც ადვილად დაირღვევა", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.










