გვაქვს მოლოდინი, დიდი პალატა დაადასტურებს იმას, რასაც იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებდა სასამართლოს წინაშე, რომ საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციებს, არის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში - ბექა ძამაშვილი

ბექა ძამაშვილი

"გვაქვს მოლოდინი, რომ დიდი პალატა დაადასტურებს იმას, რასაც იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებდა სასამართლოს წინაშე, რომ საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციებს, არის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში და ასევე, თვითონ სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტებთან", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი საუბრობს.

20 ივნისის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სტრასბურგში საქმეს დიდი პალატა განიხილავდა.

საუბარია რამდენიმე მიმართულებაზე. მათ შორის, რამდენად შესაბამისობაშია ევროპულთან საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც შეკრება-მანიფესტაციის წესებს არეგულირებს. იუსტიციის სამინისტროს აქვს მოლოდინი, რომ მათ არგუმენტებს სასამართლო დაადასტურებს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ მოლოდინია, რომ დიდი პალატა გაიზიარებს იუსტიციის სამინისტროს პოზიციას.

"დიდი პალატა საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს უშუალოდ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანი ეს გადაწყვეტილება იქნება უფრო ფართო კონტექსტი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაბამისობაშია ჩვენი კანონმდებლობა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით ევროპულ სტანდარტებთან და ასევე, რამდენად შეუძლია სახელმწიფოს გამოიყენოს და როდის შეუძლია გამოიყენოს ძალა და სპეციალური საშუალებები. იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით, რაც ჩვენ წერილობით გვაქვს გაგზავნილი სასამართლოში და ასევე, მიმდინარე წლის თებერვალშიც ზეპირი განხილვის დროს, რა ინფორმაციაც ჩვენ მოსამართლეებს მივაწოდეთ, გვაქვს მოლოდინი, რომ დიდი პალატა დაადასტურებს იმას, რასაც იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებდა სასამართლოს წინაშე, რომ საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციებს, არის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში და ასევე, თვითონ სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტებთან. ასევე, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დიდი პალატა გაიზიარებს იუსტიციის სამინისტროს პოზიციას იმ ნაწილშიც, რომ როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სამართალდამცველებზე ხდება თავდასხმა და შტურმი, ასეთ დროს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური უფლება ძალის გამოყენების," - აცხადებს ბექა ძამაშვილი.